ადვოკატი ამბობს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი მოწმე გამოჩნდა

21-09-2020 18:01:55 სამართალი

ბუნდოვან გარემოებაში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ირწმუნება, რომ საქმეში ახალი ფიგურანტი გამოჩნდა. ადვოკატს ვინაობა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელია, რამიშვილთან თავად გავიდა კონტაქტზე და ამბობს, რომ ახალგაზრდა ქალს დავალებებს პირადად აძლევდა.

ადვოკატის თანახმად, აღნიშნული პირი სუს–ში პროგრამული მიმართულებით მუშაობდა.

"3 აგვისტოს დამიკავშირდა სუს-ის თანამშრომელი, რომელიც დეტალურად აღწერს, როგორი ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან, როგორ გადასცემდა რამდენიმე წლის წინ ფლეშკებს, მიუთითებს გვარს და სახელებს“,– განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ ხსენებული პირის გამოკითხვის ოქმს და პირის ვინაობას გამოძიებას მიაწვდის.

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფარგლებში მტკიცებულებების ფალსიკიფაციიის საქმესაც იკვლევს. საქმე სავარაუდოდ, სატელიტით გადაღებულ ფოტოებს ეხება, რომელიც მიხეილ რამიშვილმა გაასაჯაროვა. აღნიშნული მასალის მიხედვით, 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

18 სექტემბერს პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული იყო.

მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ფურცხვანიძე და რამიშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხნენ. დაკითხვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა, რომ ფურცხვანიძემ ფოტომასალის მიმწოდებელი წყაროს ვინაობა კვლავ ვერ დაასახელა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები