მეუფე – ჟურნალისტს: „ძალიან აღგზნებული ხართ, ქალბატონო“
21/09/2020 13:10:43 საზოგადოება
ძალიან ნერვიულობთ, ძალიან აღგზნებული ხართ, ქალბატონო - ასე მიმართა ჟურნალისტს მეუფე სერაფიმემ. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრებით ირღვეოდა თუ არა კონკორდატი. მეუფის პასუხიც ამ თემაზე დასმულ კითხვას მოჰყვა.
აღნიშნული კითხვა დაუსვეს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსაც. მან აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ღონისძიებაზე დასწრება მხარდაჭერა არაა, მხარდაჭერაა მოწოდება და განცხადების გაკეთება.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა, რომელიც ესწრებოდა "ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენას, განაცხადა: "ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში და ჩვენთან ექნება თბილი დამოკიდებულება, ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით".
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე კი აცხადებს, რომ სასულიერო პირებიც საქართველოს მოქალაქეები არიან:
„ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათაც აქვთ საკუთარი ხედვა ამ თუ იმ საკითხზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი, ეს იქნება სასულიერო პირი, ბიზნესმენი, თუ სხვა დარგის წარმომადგენელი, არის ამ ქვეყნის მოქალაქე, მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და მიიღონ გადაწყვეტილება“.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშის მიხედვით, "მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის".


