არღვევს თუ არა პოლიტიკურ პროცესებში სასულიერო პირების ჩართულობა კონკორდატს – მეუფე შიოს განმარტება
21/09/2020 09:20:16 პოლიტიკა
საქართველოს პატრიარქის მოსაყრდის, მეუფე შიოს განმარტებით, სასულიერო პირების პარტიულ ღონისძიებებზე გამოჩენა ამა თუ იმ პარტიის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადებას არ გულისხმობს. ასე უპასუხა მეუფემ ჟურნალისტების კითხვას, მეუფეების პოლიტიკურ ღონისძიებებზე გამოჩენა არღვევს თუ არა კონკორდატს.
„მისვლა არ ნიშნავს მხარდაჭერას. მხარდაჭერა განცხადება, მოწოდებაა“,– განაცხადა მეუფე შიომ.
„ქართული ოცნების“ მიერ იმერეთში კანდიდატების წარდგენას ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მეუფე გიორგი შალამბერიძე სასულიერო პირებთან ერთად დაესწრო. მეუფემ პრემიერ-მინისტრს და დეპუტატობის კანდიდატებს ხატები და საქართველოს რუკა გადასცა.

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი 19 სექტემბერს ვანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენაზე

„ქართული ოცნების“ ღონისძიებას ბაგრატის ტაძრის ეზოში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი) ესწრებოდა.
მანამდე აღნიშნულ ტენდენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მ გაამახვილა ყურადღება.
"მმართველი პარტიის ღონისძიებებზე შეინიშნება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი სასულიერო იერარქების დასწრება, რაც ეკლესიის მიერ ქართული ოცნების მხარდაჭერის განცდას ქმნის". – ნათქვამია "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიშში.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ კახეთსა და შიდა ქართლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას მაღალი რანგის სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
მათივე თქმით, 11 აგვისტოს, ლაგოდეხში, თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენაზე ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი ჩეკურიშვილი ესწრებოდა.
- 10 აგვისტოს ახმეტის მოსახლეობასთან ირაკლი ქადაგიშვილის წარდგენას ალავერდელი მიტროპოლიტი დაესწრო.
- 14 აგვისტოს დედოფლისწყაროში, გურჯაანი, საგარეჯო, დედოფლისწყარო, სიღნაღის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სონღულაშვილის წარდგენას ხორნაბუჯელი ეპისკოპოსი დიმიტრი კაპანაძე დაესწრო.
- 2 სექტემბერს გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენას სამთავისისა და გორის ეპარქიის ეპისკოპოსი ანდრია (ამირან გვაზავა) ესწრებოდა.
- 3 სექტემბერს ქარელის მოსახლეობას წინაშე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაალ (ზაზა) დუგლაძის წარდგენას მიტროპოლიტი იობი (ელგუჯა აქიაშვილი) ესწრებოდა.
- 19 აგვისტოს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, ქადაგებისას, მრევლს მიმართა და არჩევნების შესახებ ისაუბრა. "პოლიტიკაში არიან ძალიან სუსტი ადამიანები, რომელთაც ბოდიშის მოხდა და ჩადენილი საშინელი დანაშაულის აღიარება არ შეუძლიათ და მრევლმა უნდა შეუნდოს, თუმცა, მათ არ ექნებათ უფლება „რაღაც-რაღაცები მოგვახვიონ თავს“. მან მრევლს „წესიერი არჩევანის“ გაკეთებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც ლანძღავს მისთვის ყველა მიუღებელია". - წერია ანგარიშში.
ორგანიზაცია რელიგიურ ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან.


