თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითების მეთაურს უმასპინძლა

21-09-2020 14:11:01 თავდაცვა ,რეკლამა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებისა და ტრანსფორმაციის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერაზე გაამახვილა და მრავალეროვნული ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

შეხვედრაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუცია საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელ გენერალს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხისმგებლო მისიისთვის მოსამზადებელ პერიოდში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღნიშნა.დღესვე, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ამერიკელ გენერალს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება ამერიკელ საზღვაო ქვეით ძალებთან მრავალწლიან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა. თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორ სტივენ ნიერის საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესიც გააცნო.

საქართველოში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში, ამერიკელი გენერალი კრწანისისა და ალგეთის საწვრთნელ ბაზებზე ამერიკელ საზღვაო ქვეითებს მოინახულებს. გენერალ-მაიორი სტივენ ნიერი ვაზიანში საბრძოლო მომზადების ცენტრსაც (CTC) ესტუმრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები