დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვის საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა

21-09-2020 09:59:48 საგარეო პოლიტიკა

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ლიეტუვის საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა. ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საქართველოდან ლიეტუვაში მიმავალი ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 -დღიან თვითიზოლაციას, ამასთან, იგი ვალდებული იქნება ლიეტუვის საზღვარზე წარადგინოს უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხი.

საელჩოს ცნობით, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

იზოლაციის 14 -დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე,“-ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილი საზღვარი ივლისიდან უპირობოდ გაუხსნა გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეებს. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმაც საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, 15 სექტემბრიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის გახსნის პირობა შეიცვალა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები