
"ხელბორკილები დაგვადეს, მანქანებშიც გვცემდნენ" - ხვადაგიანი 20 ივნისის ღამეს იხსენებს
23/06/2019 18:30:52 სხვა, სამართალი
„სოვლაბის“ მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი, რომელსაც 9-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
ხვადაგიანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში 20 ივნისს განვითარებული მოვლენები გაიხსენა.
როგორც მკვლევარი აცხადებს, ის და მისი ძმა 5-6-მა პოლიციელმა აზარიანცის სასახლესთან ცემა.
"ხელბორკილები დაგვადეს, მანქანებშიც გვცემდნენ და გადაგვიყვანეს განყოფილებაში, შემდეგ იდენტური ოქმები შეგვიდგინეს ყველა დაკავებულს იმ ინსპექტორებმა, რომლებიც ადგილზე არც ყოფილან საერთოდ. დღეს სიურპრიზი იყო ჩვენთვის, ლევან მურუსიძე რომ დავინახე ჩვენს საქმეზე მოსამართლედ. კიდევ 6 დღის გატარება იზოლატორში ნამდვილად მერჩივნა მურუსიძის მიერ ხელმოწერილ გამამართლებელ განაჩენს" - განაცხადა ხვადაგიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნება ვერ მოხერხდა. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას.