მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება

15-09-2020 13:39:20 რეგიონები ,რეკლამა

მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივ-გომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.

ცივ-გომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის მურა დათვის, კეთილშობილი ირმის და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.

აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკო-ტურისტული პოტენციალი გააჩნია, რომლის განვითარების შემთხვევაშიც ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება მოინახულოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტებში სოფ. თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალში და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.

ცივ გომბორი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა. მუხის, ფიჭვისა და ღვიის ხეებით წარმოდგენილი ტყეები, წელიწადის ნებისმიერ დროს იდეალურ გარემოს ქმნის ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისთვის.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს და ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალსა და ცივ-გომბორის აღკვეთილს მოიცავს.

მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები