საქსტატი - 2020 წლის II კვარტალში საქართველოში 31.4%-ით ნაკლებმა ვიზიტორმა იმოგზაურა
14/09/2020 08:19:28 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიის (საქსტატი) მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში 1.8 მლნ ადგილობრივმა ვიზიტორმა საქართველოს ტერიტორიაზე 2 მლნ ვიზიტი განახორციელა. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვატალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 37.2%-ით, ხოლო ვიზიტების მაჩვენებელი 39.2%-ით შემცირდა.
რაც შეეხება 2020 წლის პირველი ნახევრის მონაცემებს, საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ვიზიტების რაოდენობა 22.5%-ით შემცირდა და 5.1 მლნ შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტორთა ძირითადი ნაწილი - 39.1% 31 დან 50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. რაც შეეხება გენდერულ სურათს, ვიზიტორთა 50.5% ქალი იყო.
კვლევა აჩვენებს, რომ მეორე კვარტალში ძირითადად დედაქალაქის მაცხოვრებლები მოგზაურობდნენ. სტატისტიკის მიხედვით, ვიზიტორების 40.7% თბილისის მაცხოვრებელია, 11.8% - იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის, 11.6% - ქვემო ქართლის რეგიონის, ხოლო დანარჩენ რეგიონებში მაცხოვრებლებზე, ჯამში, 35.9% მოდის.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტების ძირითად მიზანს (47.9%) მეგობრების და ნათესავების მონახულება წარმოადგენდა. ვიზიტორები ძირითადად მოგზაურობდნენ თბილისსა და იმერეთის რეგიონში.
რაც შეეხება ხარჯებს, მეორე კვარტალში ადგილობრივმა ვიზიტორებმა მოგზაურობისას 268 მლნ ლარი დახარჯეს, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებლეთან შედარებით 25.2%-ით ნაკლებია.


