
კადიროვი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
23/06/2019 09:52:28 კავკასია
ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი რამზან კადიროვი კვლავ გვემუქრება და ამჯერად “რუსეთში მცხოვრებ ქართველებს” შეგვახსენებს. ამასთან, იგი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ამბობს, რომ “ცდილობს, არ აჰყვეს ქართული ორგანოების პროვოკაციებს”.
“დიდი შფოთვით ვადევნებ თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მინდა, ყველას შევახსენო, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კმ-ია, რუსეთში კი, არაოფიციალური ინფორმაციით, თითქმის 1 მლნ ქართველია.
ჩვენი ხალხები დაკავშირებულები არიან მეგობრობისა და ერთობის მრავალსაუკუნოვანი ძაფებით. ქართულ კულტურას, ლიტერატურას, ხელოვნებას მსოფლიო სწორედ რუსეთის წყალობით გაეცნო. სწორედ ჩვენს ქვეყანაში [რუსეთში] გაშალა ფრთები თითოეული მწერლის, პოეტის, კომპოზიტორის, მსახიობისა და ხელოვანის ტალანტმა. რაც შეეხება საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებს, ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს, მშვიდობიანად ვიცხოვროთ და არც ერთი, რომ ერთმანეთს სიძულვილით ვუყუროთ.
თუმცა ბოლო წლებში თბილისში გაჩნდნენ დასავლეთსა და აშშ-ში გამოზრდილი პოლიტიკოსები, რომლებიც ცხოვრების მთავარ აზრად საქართველოსა და რუსეთის მოსისხლე მტრებად გადაქცევას, რუს და ქართველ ხალხებს შორის მტრობის ჩამოგდებას მიიჩნევენ. ალაჰია მოწმე, რომ ჩვენ – ჩეჩნეთში საქართველოს ინტელიგენციასთან, სამეცნიერო წრეებთან, კულტურის მოღვაწეებთან მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას ვცდილობთ. ყოველთვის თბილად ვხვდებით მათ გროზნოში, მივესალმებით დელეგაციათა გაცვლას. ჩვენ გვახსოვს წინაპართა წესი, რომ მეზობელთან მშვიდობასა და თანხმობაში უნდა ვიცხოვროთ. ამასთან, ვისწრაფვით, არ ავყვეთ ქართული ორგანოების პროვოკაციებს, რომლებიც ყოველმხრივ უშლიან ხელს საზღვარზე ჩეჩნეთის მაცხოვრებლების გადასვლას.
ბოლო დღეების მოვლენები მოწმობს, რომ საქართველოშიჯერ კიდევ ძლიერია ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათ დიდხანს ეძებეს საბაბი რუსეთის წინააღმდეგ ახალი ისტერიის წამოსაწყებად და დასავლულრი მატარებლის სათავეში მოსაქცევად, მაშინ, როცა რეალურად, მხოლოდ სარკინიგზო პლატფორმას წარმოადგენენ. მთელს მსოფლიოში მიღებულია, პატივი სცე უცხოურ დელეგაციებს, მითუფრო საპარლამენტოს. საქართველოს ხელილსუფლებამ კი არ უზრუნველჰყო [რუსეთის] სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების უსაფრთხოება და ნორმალურიმუშაობის შესაძლებლობა . დასავლეთის მიერ წაქეზებულმა ძალებმა თბილისში არეულობების ორგანიზება მოახდინეს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი ამ ვითარებაში უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა და ყველაფერში რუსეთი დაადანაშაულა მტკიცებით, თითქოს რუსეთია დაინტერესებული საქართველოსა და მის საზოგადოებაში განხეთქილების გამოწვევით. და ეს სიტყვები ითქვა აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების წინაშე, მათ საპასუხოდ. ქ-ნი პრეზიდენტი ღრმად ცდება. სწორედ რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ საქართველოშისუფევდეს მშვიდობა, ერთობა და თანხმობა.
დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაითავისოს, არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი, სხვა სახელმწიფო, რომელიც ძნელბედობის ჟამს პირველი გაუწვდის დახმარების ხელს. არ იქნებოდა ურიგო, გადაეხედათ, რამდენი სახელმწიფო და ხალხი დაღუპა მათ მიერ ნათაყვანებმა აშშ-მა. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართული საზოგადოების ჯანსაღი ძალები იპოვიონ თავის თავში ნებას, გახდნენ საკუთარი მამულისა და ბედის პატრონები.
და კიდევ. 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 3,5 მლრდ $ დ დატოვეს. და რას მიაღწიეს ანტირუსმა რადიკალებმა? ამას საქართველო იგრძნობს, როდესაც ოტელები, რესტორნები, კაფეები, სანაპიროები დაცარიელდება...” - ნათქვამია მის მიერ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ “პოსტში”.
ეს - კრემლის მიერ წარმოჩენილი ვირტუალური რეალობა, ეს კი - ის, რასაც ამ დღეებში საქართველოში თავისუფალი რუსები ხედავენ:
ცნობისთვის: ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერი საქართველოს ორი დღის წინაც დაემუქრა, თუმცა საზოგადოებამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდანვე გასცა პასუხი.
"საინფორმაციო თავდაცვლის" ლეგიონის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინი აცხადებს, რომ "კრემლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ანუ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ. ამ გზაზე რამზან კადიროვი არის ინფორმაციის ეფექტიანი გამავრცელებელი".
"ჩემი დაკვირვებით სულ უფრო და უფრო აქტიურდება ანტიქართული კამპანია, რომელიც იმართება კრემლიდან და რაც მთავარია ჩვენს წინააღმდეგ გამოყენებულია ყველაზე მაღალი ტრიბუნა, რაც მიანიშნებს რომ მათი მიზანი ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელებაა. ამისთვის მათ შექმნილი აქვთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მიზანი: საქართველოს სახელმწიფოს დისკრედიტაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ანუ რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ. ამ გზაზე კადიროვი არის ინფორმაციის ეფექტიანი გამავრცელებელი. ჩემი დაკვირვებით შემუშავებულია რუსული გზავნილები საქართველოს მოსახლეობისთვისაც - ჩვენს გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს გზავნილი მარტივად ვრცელდება როგორც კრემლიდან მართული მედიასაშუალებებით, მაგალითად სპუტნიკით, ადგილობრივი სასარგებლო იდიოტებისა და მეხუთე კოლონის დახმარებით. გარდა ამისა, კრემლის საინფორმაციო კამპანია საქართველოს წინააღმდეგ ცდილობს, საქართველოს მოსახლეობა დაადანაშაულოს რადიკალიზმსა და რუსოფობიაში ეს ყველაზე ყურადსაღები მომენტია, რადგან თუ შემზადდება შესაბამისი საინფორმაციო გარემო, შეიქმნება პროვოკაციების მოწყობის ხელსაყრელი პირობები.
იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ადგილობრივი პროცესში მონაწილე ადგილობრივი ბოტები და ტროლები არ დაიწყებენ რუსული ნარატივების ტირაჟირებას და თანამოქალაქეების გაშავებას კრემლის ლექსიკით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გვითხრას ვინ არის პასუხისმგებელი ამ კრიზისში გარესამყაროსთან კომუნიკაციაზე და რა არის მთავარი გზავნილები. მას, ხელისუფლებას აქვს საკუთარი მოქალაქეების ინფორმირების ვალდებულება, მით უფრო მაშინ, როდესაც ღია საინფორმაციო ომში ვართ ჩართულები. რუსული პროპაგანდა ახლა საფრთხე და თავისტკივილია არამარტო სახელმწიფო უწყებებისთვის არამედ ქართული ეკონომიკისთვისაც. ანუ, საქართველოს ნებისმიერი რიგითი მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ იცოდნენ - რას აკეთებს ხელისუფლება მათი უსაფრთხოებისთვის" - განუცხადა "აქცენტს" მოლოდინმა.