Accentnews.ge
ზურაბიშვილი – პუტინის აკრძალვაზე: "ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა"

ზურაბიშვილი – პუტინის აკრძალვაზე: "ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა"

23/06/2019 08:37:11 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ჩემი პასუხია, რომ ტურისტებმა უნდა გააგრძელონ აქ ჩამოსვლა, იმიტომ, რომ მათ საქართველო უყვართ. პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა კი უნდა გადაწყვიტონ პრობლემები, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოში ფრენების აკრძალვასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში. შესაბამისი კითხვა მას ჟურნალისტმა დაუსვა. 


„პრობლემების გადაწყვეტა გულისხმობს საქართველოს გაერთიანებას, მაგრამ ამან გავლენა არ უნდა მოახდინოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე, მშვიდობიან ვითარებაზე საქართველოში, რომელიც ნარჩუნდება ყველაფრის მიუხედავად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობა არავის სჭირდება.


„ჩვენ უნდა დავიწყოთ დეესკალაცია, იმიტომ, რომ არავის, არც საქართველოს, არც ევროკავშირს, არ სჭირდება დაძაბულობის ახალი კერა რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც ვაკეთებდით - მშვიდობიანი გზით პასუხის გაცემას დაძაბულობის გაჩენის ყველა მცდელობაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.


მისი თქმით, ქვეყანას სიმშვიდე სჭირდება:

„ის, რაც ქვეყანას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება, არის სიმშვიდე და შიდა სტაბილურობა, იმიტომ რომ ამაშია ჩვენი რეალური ძალა. არსებობს პოლიტიკური პრობლემა რუსეთთან და ყველა იმედოვნებს, რომ ერთ დღეს ეს მოგვარდება. მაგრამ ამასობაში საქართველო ვითარდება, საქართველოს თავისი გზა აქვს ევროკავშირისკენ. ეს არის ის, რაც უფრო მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S