„სტრატეგია აღმაშენებლის“ რიგი წევრები თვითიზოლაციაში გადადიან
11/09/2020 09:00:54 საზოგადოება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები თვითიზოლაციაში გადადიან. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ერთ–ერთ ლიდერს თაკო ჩარკვიანს COVID-19 დაუდასტურდა.
გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან მათ ჯერ–ჯერობით არავინ დაკავშირებია, თუმცა თავად ცდილობენ კონტაქტების მოძიებას და თვითიზოლაციაში პირადადაც გადადის.
ვაშაძე ამბობს, რომ 11 დღეა, ჩარკვიანთან უშუალო შეხება არ ჰქონია, თბილისშიც მათი ოფისები სხვადასხვა ლოკაციაზეა, თუმცა უსაფრთხოების ზომების მიღებას მაინც გეგმავს.
„თაკოს [ჩარკვიანი] ოფისის წევრებს ვუთხარი, რომ გადავიდნენ თვითიზოლაციაში, ჩვენც გადავალთ. ჯერ არავინ დაგვკავშირებია და იმედია, რომ ჩატარდება ტესტირება, თუ არა და თავად მოგვიწევს ზომების მიღება. ტესტები ყველასთვის უნდა გახდეს ხელმისაწვდომი“,– განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის: ჩარკვიანმა მისი ინფიცირების შესახებ დღეს განაცხადა. პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ მისი ინფიცირების წყარო დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილია, ვინაიდან ერთ–ერთ გადაცემაში სტუმრობისას ერთი მიკროფონი გამოიყენეს.


