
Tourdom.ru: “არანაირი რუსოფობია არ არის! რუს ტურისტებს წასვლა არ სურთ და ამბობენ, რომ ვითარებას კრემლი ძაბავს”
22/06/2019 23:25:09 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ტურიზმის საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ინტერნეტ-პორტალი Tourdom.ru საქართველოს მიმართ კრემლის ახალ სანქციებთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას სტატიას უძღვნის და წერს, რომ “საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები ქვეყნიდან ევაკუაციის მიზეზებს ვერ ხედავენ”.
“რუსი ტურისტები და დამსვენებლები ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აქტიურობენ. მათი უმრავლესობა ირწმუნება, რომ 22 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით სრული სიმშვიდეა, რიგითი რუსების მიმართ აგრესიას არავინ იჩენს და მათ უსაფრთხოებას რეალურად, არაფერი ემუქრება” - წერს Tourdom.ru.
ამის დასტურად გამოცემას რამდენიმე რუსი ტურისტის “პოსტებიც” მოჰყავს:
«მინდა, ყველა დავამშვიდო, ვინც რუსულ ტელეარხებს უყურა: ბათუმში აბსოლუტური სიმშვიდეა, რაიმე მღელვარების, გადატრიალების თუ სხვა მსგავსის ნასახიც კი არ ჩანს», - წერს ქსელ «Вконтакте»-ში ლიუბოვ სუზდალცევა.
“საქართველოში ოჯახთან ერთად ვისვენებ. არანაირი აგრესია რუსი დამვენებლების მიმართ არ შეინიშნება. ქართველები მკაფიოდ მიჯნავენ რიგით რუსებს რუსეთის ხელისუფლებისგან და ჩვენს მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობას ვგრძნობთ, რაც ჩამოვედით. სხვა საკითხია, რომ ბოლო დღეებში ყოველ ნაბიჯზე ვხვდებით მოქალაქეებს მაისურებში ცნობილი წარწერებით. ნევროტულობა აქ ჩამოსულ რუსებში სწორედ კრემლმა დათესა და არა მიტინგებმა. ვისაც ვესაუბრე ჩვენებურს, ყველა ასე თვლის და ამასვე უყვებიან ახლობლებს, რომლებიც შეშფოთებულები რუსეთიდან ურეკავენ მოსაკითხად. ფრენების აკრძალვა უპირველესად რუსეთის მოქალაქეებს დააზარალებთ, რომლებიც ამ მშვენიერ ქვეყანაში აპირებდნენ დასვენებას» - წერს ჟურნალისტი ევგენი ჟეიდა.
თავად გამოცემა აღნიშნავს, რომ “საქართველოში მყოფი ბევრი რუსი ტურისტის ვარაუდით,კრემლის გადაწყვეტილება პოლიტიკურადაა მოტივირებული და არანაირ უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობასთან კავშირი არ აქვს”.
“ფრენას აგვიკრძალავენ? - მანქანებით ვივლით!” - აღნიშნავენ რუსი დამსვენებლები” - წერს Tourdom.ru.
გამოცემა საქართველოში ტურისტების მიღების პროექტ Gეორგია-ტრაველ.რუ-ს ხელმძღვანელ.სალავატ სატაევსაც ესაუბრა და მან დაადასტურა, რომ “ვითარებას რუსული მხარე ძაბავს”:
“სადღეისოდ საქართველოში ყველა საექსკურსიო პროგრამა დადგენილი განრიგით სრულდება. რუს ტურისტებს არავინ ეხებათ. რუსთაველზე კონფლიქტის დროსაც კი არ ყოფილა არანაირი რუსოფობური განწყობები. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუს ტურისტებს არაფერი ემუქრებათ. სხვადასხვა გათვლით, ამ დროისთვის ქვეყანაში 20 000-მდე თვითორგანიზებული და 5-7 ათასი ორგანიზებული რუსი ტურისტია. კრემლის განცხადებიდან პირველ საათებში ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა, გადაწყვიტა კიდეც დაბრუნება, თუმცა ამ განწყობამ მალევე გადაუარათ».
Tourdom.ru, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ტურისტების უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომაა მიღებული, ყველა ტურისტული მარშრუტი შეუფერხებლად მოქმედებს, ტურისტული ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი გამართულად მუშაობს, გზებზე შეფერხებები არ არის, ხოლო დამატებითი კითხვების დასასმელად მსურველებს შეუძლიათ, მიმართონ სახელმწიფო “ცხელ ხაზს” ნომერზე 0800-800-909.
ხოლო რუსული ტურისტული პორტალი "All World Drive" რუსეთის დაინტერესებული მოქალაქეებისთვის აქვეყნებს რჩევებს იმის შესახებ, როგორ ჩააღწიონ საქართველოში პუტინის სანქციების ამოქმედების დღის - 8 ივლისის შემდეგ.