რას გულისხმობს სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის იუბილეებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე დაწესებული ახალი შეზღუდვები
09/09/2020 11:04:54 საზოგადოება
10 სექტემბრიდან სოციალურ ღონისძიებებზე მათ შორის იუბილეებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე ახალი შეზღუდვები ვრცელდება.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, “სოციალური ღონისძიებები, როგორც არის იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები ხვალიდან აიკრძალება. ეს შეზღუდვა დახურულ სივრცეში ისედაც მოქმედებდა, თუმცა ხვალიდან ე.წ. სოციალური ღონისძიებების აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც".
დღემდე საქართველოში დახურულ სივრცეში სოციალურ ღონისძიებაზე 10–ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იყო. როგორც "აქცენტს" მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურში განუმარტეს, ხვალიდან იგივე აკრძალვა გავრცელდება ღია სივრცეებზეც. შესაბამისად, სოციალურ ღონისძიებებზე, მათ შორის იუბილეებზე, ქორწილებსა და ქელეხებზე ღია თუ დახურულ სივრცეში 10–ზე მეტი ადამიანის შეკრება იქნება აკრძალული.
კითხვაზე, როდემდე გრძელდება ახალი შეზღუდვა, რომელიც სოციალურ ღონისძიებებს ეხება, მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ "მისი მოხსნის თაობაზე საზოგადოებას წინასწარ ეცნობება".
იხილეთ ასევე: ახალი შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება


