ახალი შეზღუდვები, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
09/09/2020 08:19:11 საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ საყურადღებოა და დღევანდელ სხდომაზე უწყებათაშორისმა საბჭომ ახალი შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო.
ეს შეზღუდვებია:
- თეატრების, კინოთეატრების და ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო. ისინი 1 ნოემბრიდან გაიხსნება.
- ხვალიდან იკრძალება სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა იუბილე, ქელეხი, ქორწილი და ქვეყანა უბრუნდება იმ შეზღუდვას, რომელიც ადრე არსებობდა ამ მიმართულებით. შეზღუდვა, რომელიც დახურულ სივრცეში არსებობდა, ხვალიდან გავრცელდება ღია სივრცეებზეც.
- რაც შეეხება კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებს, შეიზღუდება 200–ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ღონისძიების გამართვა, ეს გავრცელდება ღია სივრცეებზეც.
- სკოლებში საზეიმო ღონისძიებები უქმდება
როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, რეგულაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია სანქციები და მან მოქალაქეებს რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, 200-კაციანი შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.
მან საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდა, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი წესები.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1773 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1325 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.
8 სექტემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც საქართველოსთვის რეკორდული დღიური მაჩვენებელია.


