
"ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველოში ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები არ დაზარალდეს"
22/06/2019 12:24:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები არ დაზარალდეს. ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე–სპიკერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებას, საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე.
„ერთის მხრივ, ჩვენი ოპონენტები მთელ ძალას ახმარენ იმას, რომ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად სხვა, მაღალი კატეგორიის ურთიერთობებში გადავიდა დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატების თუ ევროკავშირის ფორმატში, გამოიყვანონ ისე, თითქოსდა აქ რაღაცა რუსული გეგმა ხორციელდება. მეორე მხრივ, ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა რუსეთთან ურთიერთობები იმ ფონზე განავითარონ, როდესაც ჩვენ ეკონომიკური მაქსიმალური ზარალი შეიძლება, მივიღოთ. ეს გეგმა რასაკვირველია, მთლიანობაში მიზნად დესტაბილიზაციას, ძლივს მიღწეული და შენარჩუნებული სტაბილური პროცესის დანგრევას ისახავს. რასაკვირველია, მთავარი მიზანი არის, რომ ხელისუფლებას დაეუფლონ. ამას სხვა მიზანი არ გააჩნია. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური ინტერესი არავითარ შემთხვევაში არ დაზარალდეს", – განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ:
„ყველაფერი, რაც გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების მიერ – ბაზრების დივერსიფიკაცია, ევროპასთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჩინეთთან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, სატრანზიტო სისტემების განვითარება, არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა, მათ შორის ენეროდამოუკიდებლობა, იყოს უზრუნველყოფილი. ხედავთ, რამდენი პროექტი ხორციელდება საქართველოში; ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო იყოს დამოუკიდებელი ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, მათ შორის რუსეთის ბაზრისგან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გადავდგათ ნაბიჯები, რა დროსაც, ბუმერანგივით შემოგვიტრიალდება ის ნარატივი, რასაც „ნაციონალური მოძრაობა” გვკარნახობს, შევქმნათ ცხელი წერტილი საქართველოში, დაინგრეს ყველაფერი, ოღონდ ეგენი ხელისუფლებაში მოვიდნენ. საზოგადოებას მათ შორის, ვინც გუშინ, გუშინწინ იყო შეკრებილი პარლამენტის წინ, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ეს არის დიდი, ბინძური თამაში, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ” და არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვნენ პროვოკაციებს”.
შეგახსენებთ, რომ 2019 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.
ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს.
ცნობისთვის: საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.
ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.
რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.
ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.