
ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთში ფრენების აკრძალვაზე შეტყობინება ჯერ არ მიუღიათ
22/06/2019 11:33:36 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა
ქართულმა ავიაკომპანიებმა რუსეთში ფრენების აკრძალვაზე შეტყობინება შესაძლოა, 24 ივნისს მიიღონ. რორორც რუსული მედია წერს, რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში (როსავიაცია) თათბირი გაიმართება. ამის შემდეგ კი, ქართულ ავიაკომპანიებში შესაბამისი წერილები გაიგზავნება. მანამდე კი რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოში ფრენების აკრძალვის თაობაზე მხოლოდ რუსულ ავიაკომპანიებზე ვრცელდება.
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამ დროისთვის ფრენებს მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ყაზანში, მინერალნიე ვოდიში, ვორონეჟსა და უფაში, „მაი ვეი ეარლაინსი“ კი ჟუკოვსკიში ასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 2019 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მგზავრთა გადაყვანა, მათ შორის კომერციული რეისების განხორციელება ეკრძალებათ.
ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის მიერ დღეს ხელმოწერილ ბრძანებულებაში "რუსეთის ფედერაციის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეეების დანაშაულებრივი და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან დაცვის ცალკეული ზომების შესახებ", რომელიც კრემლის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა და გამოქვეყნებისთანავე ძალაში შესულად ითვლება.
ამასთან, როგორც ბრძანებულებაშია ნათქვამი, ტუროპერატორებმა დროებით უნდა შეწვიტონ საქართველოს ტერიტორიაზე ავიაგადყვანებთან დაკავშირებული პროდუქტების რეალიზება, ხოლო რუსეთის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისა და მათი ბარგის რუსეთის ტერიტორიაზე უსაფრთხოდ დასაბრუნებლად და ამ მიმართულებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრისთან კოორდინირებულად იმუშავოს.
ცნობისთვის: საქართველოში ფრენებს ამ დროისთვის ექვსი რუსული ავიაკომპანია ასრულებს. ესენია: „ურალის ავიახაზები“, „სიბირი (S7)“, „პობედა“, „აეროფლოტი“, „ნორდავია“ და „რედ ვინგსი“.
ფრენები სრულდება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში.
რუსეთის ქალაქები კი, საიდანაც საქართველოში ფრენები სრულდება ან დაწყება იგეგმებოდა შემდეგია: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, სამარა, ეკატერინბურგი, პერმი, როსტოვი, კრასნოდარი, ნოვოსიბირსკი, ყაზანი, ჟუკოვსკი და სოჭი.
ამასთან, რუსეთის მიმართულებით ფრენებს ასრულებენ ქართული ავიაკომპანიები „ჯორჯიან ეარვეისი“ და „მაი ვეი ეარლაინსი“.