
დღეისთვის აქცია დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა მომიტინგეები არ იშლებიან
21/06/2019 21:07:13 სხვა, საზოგადოება
პარლამენტთან აქცია სროებით დასრულებულად გამოცხადდა, თუმცა მომიტინგეები არ იშლებიან.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ამ ფორმით მთელი ღამის განმავლობაში აქცია ვერ გაგრძელდება, რადგან საჭიროა კონსოლიდირებული, ორგანიზებული მოქმედება და ძალების დაზოგვა, რათა ყოველ მომდევნო დღეს, პარლამენტის შენობის წინ კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეეძლოს გამოსვლა
ორგანიზატორებმა აქციის მონაწილეებს ხვალ, 19:00 საათზე შეკრებისკენ მოუწოდეს. დემონსტრანტების ნაწილი მიკროფონის კვლავ ჩართვას ითხოვს, ნაწილი კი ნელ-ნელა ტოვებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნებია:
- გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია;
- გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი, რომლებიც სამართალდამცველებმა 20 ივნისს, საპროტესტო აქციის დარბევის პროცესში და შემდეგ დააკავეს;
- დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, ვინც ძალადობით გამოირჩეოდა აქციის დარბევისას;
- არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით.