
აქციაზე დაშავებულმა 28 წლის კაცმა თვალი დაკარგა
21/06/2019 20:58:58 სხვა, საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დაშლისას დაშავებულმა 28 წლის გიორგი სულაშვილმა თვალი დაკარგა. ამის შესახებ "აქცენტს" პაციენტის დამ განუცხადა.
მისი თქმით, დაშავებულს თვალისა და ყბა–სახის ოპერაცია "ნიუ–ჰოსპიტალში" ჩაუტარდა და ამ დროისთვის, როგორც მედოკოსები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შეგახსენებ, რომ თვალი დაკარგა აქციაზე დაშავებულმა 18 წლის გოგომ. ხოლო როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ექიმებმა მძიმედ დაშავებული ორი პაციენტისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს.
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ხელისუფლება განვითარებულ მოვლენებზე პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, რაც შეეხება აქციის დაშლას, აცხადებს, რომ ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენა.
ამ დროისთვის დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაპატიმრებულია 305.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.