
"ნუ მაბრმავებ!", "რუსეთი ოკუპანტია!" - გერმანიაში აქცია გაიმართა
21/06/2019 18:49:30 სხვა, საზოგადოება
გერმანიაში ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "ნუ მაბრმავებ", "რუსეთი ოკუპანტია".
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება განვითარებულ მოვლენებზე პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, რაც შეეხება აქციის დაშლას, აცხადებს, რომ ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენა.
ამ დროისთვის დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაპატიმრებულია 305.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.