გერმანიის საავადმყოფო: "ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა"
28/08/2020 13:29:54 მსოფლიო
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის "Charite" საავადმყოფო ავრცელებს.
"პაციენტი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა", – აცხადებენ კლინიკაში.
ცნობისთვის: რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა. ნავალნის გუნდში აცხადებენ, რომ პოლიტიკოსი მოწამლეს.
21 აგვისტოს ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა ალექსანდრ მურახოვსკიმ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი დიაგნოზი ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა:
"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით, რამაც შემდგომში ნავალნის ცუდად გახდომა გამოიწვია. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ".
კომაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი ომსკის საავადმყოფოდან ბერლინში სამკურნალოდ 22 აგვისტოს გადაიყვანეს. გერმანელი ექიმები აცხადებენ, რომ ნავალნი მოწამლულია.
იხილეთ ასევე: „სატრანსპორტო პოლიციამ იპოვა საწამლავი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს და ის გარშემომყოფთათვისაც საშიშია”


