
BASSIANI:"სოლიდარობა სამართლიან სამოქალაქო პროტესტს! ყველა გარეთ!"
21/06/2019 18:33:54 სხვა, საზოგადოება
კლუბმა "BASSIANI" 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"კლუბის გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება არ გაიმართება.
გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული.
საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.
ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს.
სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს! ყველა გარეთ".
რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება განვითარებულ მოვლენებზე პასუხსიმგებლობას ოპოზიციას აკისრებს, რაც შეეხება აქციის დაშლას, აცხადებს, რომ ლეგიტიმური და პროპორციული ძალა გამოიყენა.
ამ დროისთვის დაშავებულია 100–ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაპატიმრებულია 305.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა.