ნადარაია - ინაშვილის აფხაზეთში ვიზიტზე: "ზოგიერთმა რუსმა ჩინოსნებმა დარეკეს მოსკოვიდან და ითხოვეს"

27-08-2020 12:03:25 კონფლიქტები ,ინტერვიუ

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ამასწინანდელ შეხვედრას, რომელზეც ოკუპირებულ რეგიონში “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერების 18 აგვისტოს ვიზიტი განიხილებოდა, გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი – წინა დე ფაქტო ხელისუფლების მხარდამჭერი ოპოზიციური გაერთიანება “არუაას” წევრი თემურ ნადარაიაც ესწრებოდა. მოგვიანებით მან “Эхо Кавказа»-ს კითხვებს უპასუხა. “აქცენტი” მისი ინტერვიუდან ამონარიდების თარგმანს გთავაზობთ.

თემურ ნადარაია: ეს შეხვედრა ჩვენი ინიციატივით გაიმართა. პრეზიდენტის გარდა, მას ესწრებოდა უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია. ჩვენ – “არუააელები” მივედით ასლან ბჟანიასთან, რათა მშვიდ ვითარებაში განგვეხილა ვითარება, რომელიც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილის აფხაზეთში გასაიდუმლოებულ გადმოსვლასთან და ილორის მონასტერში ვიზიტთან დაკავშირებით შეიქმნა, რის შესახებაც ჩვენმა საზოგადოებამ მხოლოდ ორი დღის შემდეგ და ისიც შემთხვევით შეიტყო. ამ რანგის ქართველი პოლიტიკოსი გაის რაიონის საზღვრებს ბოლო 12 წლის განმავლობაში, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ არასოდეს გასცდენია. რატომ არ შუქდებოდა ეს ვიზიტი მედიაში? - ესეც ერთ-ერთი ჩვენი კითხვა იყო.

– კიდევ რა საკითები დააყენეთ პრეზიდენტთან და რა პასუხები მიიღეთ?

– გვსურს, ხელისუფლებამ ადექვატური ზომები მიიღოს აფხაზეთის რესპუბლიკის კანონების დარღვევის გამო. ჩვენ საქართველოსთან სავიზო ურთიერთობა გვაქვს, ადამიანმა ვიზა უნდა მიიღოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საზღვრის გადმოსაკვეთად და ჩვენს ტერიტორიაზე შემოსასვლელად. ამ შემთხვევაში კი ეს ყველაფერი გაკეთებული არ ყოფილა. და მეტიც, ირმა ინაშვილს საქართველოში ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანის სტატუსი აქვს, თავის დროზე გამოდიოდა, როგორც ჟურნალისტი აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო წყობისა და ჩვენი კონსტიტუციის წინააღმდეგ – ასეთ ხალხს საერთოდ არ აქვს უფლება, ვიზა მიიღოს და ჩვენს მხარეზე გადმოვიდეს. აი, ეს საკითხები დავაყენეთ პრეზიდენტთან.

გარდა ამისა, “არუაას” უზენაეს საბჭოში შემავალმა დეპუტატებმა გენერალურ პროკურატურას ქართველი პოლიტიკოსების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საქმის გამოძიების მოთხოვნით მიმართეს.

საკითხის მეორე მხარე მორალურია – როცა პრეზიდენტის თანაშემწე მიდის საზღვართან და საიდუმლოდ აკეთებს რაღაცას, რის შესახებაც საზოგადოებამ არაფერი იცის. თუ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, აფხაზეთი ყოველგვარი პირობების გარეშე აღიარონ და ამას ყველგან იტყვიან, ჩვენ მათ დავხვდებით, როგორც გმირებს. რა საჭირო იყო ამის დამალვა საზოგადოებისგან? ჩვენ ხომ მშვენივრად გვესმის, რომ ეკლესიაში მისვლა, ხატის ჩუქება, ლოცვა გზასთან ერთად მაქსიმუმ, 1,5 საათს წაიღებდა და რის შესახებ საუბრობდნენ ისინი დანარჩენი 5 საათის განმავლობაში, რა საკითხებზე? - ამის შესახებ ამ დრომდე არავინ არაფერი იცის.

– რა გიპასუხათ პრეზიდენტმა?

– პრეზიდენტმა თქვა, რომ დიახ, დაირღვა აფხაზეთის რესპუბლიკის კანონი და რომ ეს ჩვენი უფლებაა, კითხვები დავსვათ. ისიც მიადევნებს თვალს გამოძიებას, რომელსაც პროკურატურა ჩაატარებს.

ჩვენ ყველა დეპუტატი მოვიწვიეთ “არუაას” ოფისში, მოვიდა 12 მათგანი. იმავე დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება, თხოვნით მიმართონ კოლეგებს, გაერკვნენ ამ ვითარებაში, მოუსმინონ პრეზიდენტს, მომხდარზე პასუხისმგებელ სხვა ჩინოსნებს; დაადგინონ, რაც მოხდა, იქ მდგომი რიგითი მესაზღვრეების ბრალი იყო, თუ ბრძანება ზემოდან გაიცა. ეს ყველაფერი უნდა დადგინდეს და გამოვიტანოთ შესაბამისი დასკვნა.

– არსებობს ინფორმაცია, რომ მოითხოვდით საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომასაც. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რით ასაბუთებთ თქვენს მოთხოვნას?

– ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობდა იმაში, რომ პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო კავშირების მიმართულებით ლაშა საკანია გადამდგარიყო თანამდებობიდან. ეს არის ადამიანი, რომელიც დახვდა ქართველ პოლიტიკოსებს და გამოიჩინა ინიციატივა. თავის განცხადებაში მან თქვა, რომ საქმის კურსში არავინ ჩაუყენებია – არც საგარეო საქმეთა სამინისტრო, არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, არც პრეზიდენტი. მერე წავიკითხე, რომ საკანია გადადგა. ამას პოზიტიურად ვაფასებთ, - დაე, დანარჩენებიც დაფიქრდნენ იმაზე, რომ კანონს, რომლის დაცვას რიგითი ადამიანებისგან მოვითხოვთ, უპირველესად ჩინოსნები უნდა იცავდნენ.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას, შეხვედრის მსვლელობისას აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი და უშიშროების საბჭოს მდივანი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ჩინოსანი, რომელიც ჩარეული აღმოჩნდება ამ უკანონო გადმოსვლაში, უნდა გადადგნენ.

– დაადგინეთ, იყო თუ არა პრეზიდენტი ბჟანია საქმის კურსში და რამდენად იყო ჩართული ამ ვიზიტის ორგანიზებაში?

– შეხვედრის შემდეგ სერგეი შამბამ განაცხადა, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში იყო. პრეზიდენტის თანაშემწე [აწ უკვე გადამდგარი – რედ.] ლაშა საკანია აცხადებს, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ ჩაუყენებია. საუბრის განმავლობაში ბოლომდე მაინც ვერ გავარკვიეთ, საქმის კურსში იყო თუ არა ასლან ბჟანია და რა პერიოდიდან - მანამდე, სანამ ეს მოხდებოდა, თუ უკვე მერე. ეს საკითხი ბოლომდე გასარკვევია. როცა საპარლამენტო მოსმენები იქნება, ალბათ, იქ კითხვებს უფრო კონკრეტული პასუხები გაეცემა. ჩვენ ვიცით, რომ ლაშა საკანია, მაღალი ალბათობით, სარგებლობს ვიღაცის მხარდაჭერით, მაგრამ ვისი – ეს დასადგენია.

– ვინ იყო ამ ვიზიტის ორგანიზატორი? ნაკლებ სავარაუდოა, რუს მესაზღვრეებს ქართველი პოლიტიკოსები ვიზებისა და ყოველგვარი პრობლემების გარეშე გამოეტარებინათ…

– რუსი მესაზღვრეები აქ აბსოლუტურად არაფერ შუაში არიან. სასაზღვრო შეთანხმების თანახმად, გადაწყვეტილებას ადამიანებისა და ტვირთების გამოტარების შესახებ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზური მხარე იღებს, რუსული კი ამ გადმოსვლების მხოლოდ კონსტატაციას ახდენს, რუს მესაზღვრეებს არ აქვთ უფლებამოსილება, მისცენ ვინმეს გადმოსვლის უფლება ან არა. თავად ლაშა საკანიას ინფორმაციით, - და ამან შეხვედრაზეც გაიჟღერა, - ზოგიერთმა რუსმა ჩინოსნებმა დარეკეს მოსკოვიდან და ითხოვეს. არანაირი ოფიციალური ქაღალდები ამ ვიზიტის ორგანიზების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას რუსეთიდან არ მიუღია. ზეპირსიტყვიერად ითქვა, რომ ვიღაცამ დარეკა, - კონკრეტული გვარებიც კი დასახელდა, რომლებიც ჩვენ არაფერს გვეუბნება, რომლებიც არ მუშაობენ უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთის საკითხებზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი მეგობრულ ნოტაზე გაკეთდა, ვიღაცამ კი გადაწყვიტა, რომელიმე ჩინოსნის წინაშე ქულები დაეწერა.

ჩვენ გვსმენია სახელისუფლებო დერეფნებში, რომ ეს პარტია მხარს უჭერს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებას. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენს ინტერესებშია. ვიცით, რომ ისინი მოსკოვის მეგობრები არიან და ეწინააღმდეგებიან საქართველოს ნატო-ში შესვლას, – ესეც ვიცით. მათ ლიდერს ნათქვამი აქვს, რომ საქართველომ უნდა აღიაროს შექმნილი რეალიები, - ესეც. მაგრამ ის, რომ რომელიმე მათგანს ეთქვას, აფხაზეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთო, ჩვენ არავისგან მოგვისმენია. “პატროტთა ალიანსის” წარმომადგენლების სხვადასხვა გამოსვლები მოვისმინეთ და მსგავსი რამ არც ერთ მათგანს არასოდეს უთქვამს.

გარდა ამისა, როცა ვინმეს თქვენს სახლში საჩუქრის მოტანა სურს, ამის შEსახებ წინასწარ არ გატყობინებენ? ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს ჩვენს ეკლესიაზე, მამა ბესარიონზე [აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლ ბესარიონ აფლიაზე – რედ.], რომელიც ამ ვიზიტისა და ხატიოს გადმოცემის შესახებ საქმის კურსში არ იყო. ილორის მონასტრის წინამძღოლმა ასევე არაფერი იცოდა, მას საჩუქრით მოულოდნელად დაატყდნენ თავს. რამდენადაც ვიცი, ამასთან დაკავშირებით 25 აგვისტოს შეიკრიბა საეკლესიო საბჭო და მიიღეს გადაწყვეტილება, ეს ხატი ჩამომტანებს დაუბრუნდეს ხატისადმი და რწმენისადმი პატივისცემით.

ეს ის ხატები არ არის, რომლებიც ომის დროს აფხაზეთიდან ქართულმა ჯარებმა გაიტანეს, ეს არაა ბედიის ბარძიმი, რომელიც საბჭოთა დროს იქნა გატანილი საქართველოში და იქ ინახება. თუ ისინი ბედიის ბარძიმის დაბრუნებას დააპირებენ, ჩვენ მათ პატივით დავხვდებით საზღვარზე და მადლობას გადავუხდით. მაგრამ როდესაც საუბარია პოლიტიკოსების პიარზე, როცა ვიღაცას საქართველოში პოლიტიკური ქულების ჩაწერა სურს, მიჩნდება კითხვა: და რა მიიღო ამით აფხაზეთმა, გარდა იმისა, რომ აქ – შიგნით კვლავ ფეთქებადსაშიში ვითარება შეიქმნა, რომელიც შეიძლება, მიტინგებსა და პროტესტში გადაიზარდოს?”.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში გამოიყენება

ახალი ამბები

სხვა სიახლეები