რას ითვალისწინებს კურორტების მართვის საპილოტე პროგრამა, რომლის განხორციელებაშიც საქართველოს USAID დაეხმარება
26/08/2020 14:35:06 ეკონომიკა
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოს მთავრობას კურორტების მართვის საპილოტე პროგრამის განხორციელებაში დაეხმარება, - ამას ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურების სამინისტროებსა და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, საქართველოს საკურორტო დასახლებების უფრო ეფექტური მართვისთვის სპეციალური სტრუქტურული ერთეულები ჩამოყალიბდება. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად პასუხისმგებელი იქნებიან მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე.
მემორანდუმის მიხედვით, აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროებს ტურისტული ადგილების ეკონომიკურ განვითარებაში ტექნიკურად დაეხმარება.
ახალი პროგრამის საპილოტე პროექტი დაბა ბაკურიანით დაიწყება და საქართველოს სხვა ტურისტულად მიმზიდველ დასახლებებში გაგრძელდება.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დასახლებები ან თემები შესაძლოა მიმზიდველი იყო როგორც საცხოვრებლად, ასევე ტურისტული და რეკრეაციული მიზნებისათვის. შესაბამისად, ასეთ მუნიციპალიტეტებში ინვესტირების უფრო მეტი შესაძლებლობაა. მემორანდუმის მიხედვით, მოხდება ასეთ მუნიციპალიტეტებში მმართველობის ორგანოთა ინსტიტუციური გაძლიერება, რათა მათ შეძლონ მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ისეთი მიმართულებით, როგორიცაა სამშენებლო ნებართვების გაცემა და საჯარო ზედამხედველობის განხორციელება, საჯარო სივრცეების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა და სხვ. ამ მუნიციპალური მომსახურებების უზრუნველყოფა აღნიშნული ადგილების პოტენციალის გამოყენების და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მტკიცე საფუძველს შექმნის.


