
7-18 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში „ღირსეული პარტნიორი 2020“ გაიმართება
26/08/2020 08:01:08 თავდაცვა
სექტემბერში საქართველო-აშშ-ს ერთობლივი მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ჩატარდება, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ირაკლი ჭიჭინაძემ განაცხადა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ 7-18 სექტემბრის ჩათვლით ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წლევანდელი სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა.
მრავალეროვნულ წვრთნაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.
„ძალა პარტნიორობაშია“ - ამ მთავარი გზავნილით წელს საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2020“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.