მეცნიერების თქმით, Covid-19-ით ხელახლა ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი იმ პაციენტებშია, რომლებთანაც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა
26/08/2020 09:26:03 მსოფლიო
მეცნიერები აცხადებენ, რომ Covid-19-ით ხელახლა ინფიცირების რისკი ყველაზე მაღალი იმ პაციენტებშია, რომლებთანაც ვირუსი უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობდა.
მათივე თქმით, როგორც ჩანს, არსებობს კორელაცია პაციენტის Covid-19–ის სიმპტომების სიმძიმესა და ანტისხეულების დონეს შორის. სამედიცინო ჟურნალ Nature Medicine–ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, "ასიმპტომური კოვიდ–ინფიცირებულის სხეულში უფრო ნაკლები რაოდენობის ანტისხეულები წარმოიქმნა, რამაც შესაძლოა, მათი ხელახალი დაინფიცირების რისკი გაზარდოს".
ჰარვარდის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დირექტორი აშიშ ჯა ხელახალი ინფიცირების შემთხვევებს "საინტერესოს", თუმცა "არა საგანგაშოს" უწოდებს.
"პირველი, ჯერ–ჯერობით კორონავირუსით ხელახალი ინფიცირების ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. მეორე და მთავარი – ხელმეორედ ინფიცირებისას პაციენტებთან დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე ეს პირველ ჯერზე ინფიცირების შემთხვევაში იყო", – განაცხადა აშიშ ჯამ.
ხელახლა ინფიცირების შემთხვევების გამო მეცნიერთა ნაწილი შიშობს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა შესაძლოა, სათანადოდ ეფექტური არ იყოს. თუმცა, მათივე თქმით, ხელახალი ინფიცირების ერთეული შემთხვევების ფონზე ვაქცინის ეფექტურობაზე საუბარი ნაადრევია.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგისა და რუსეთის შემდეგ კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების შემთხვევები ბელგიასა და ნიდერლანდებშიც დადასტურდა.
ცნობისათვის: მსოფლიოში COVID-19–მა 823 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 24 000 000–ს გადააჭარბა, 16 614 024–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1436-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1150 ადამიანი, ხოლო 19 გარდაიცვალა.
წყარო: bestlifeonline


