მსოფლიო პატრიარქი ბართლომეო I: "აია-სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება ტკივილს გვაყენებს"
23/08/2020 14:55:51 მსოფლიო
"აია-სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება ტკივილს გვაყენებს", - ამის შესახებ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეო პირველმა განაცხადა.
"აია–სოფიასა და ახლა უკვე ხორას მონასტრის მეჩეთად გადაკეთება ტკივილს გვაყენებს... ჩვენ ვევედრებით სიყვარულის, სამართლიანობის და მშვიდობის ღმერთს, რომ პასუხისმგებელ პირებს გონება და გულები გაუნათოს“ – ბრძანა მსოფლიო პატრიარქმა.
თურქეთის მთავრობამ სტამბოლში მდებარე ხორას მონასტრის მეჩეთად გარდაქმნა გადაწყვიტა, - იუწყება ბერძნული ტელეარხი ERT თურქეთის სამთავრობო გამოცემაზე დაყრდნობით.
![]()
"ეს იმპერტორების კომნინების ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ვიზანტიური ძეგლია, ცნობილი თავისი შედევრალური ფრესკებით. მეჩეთად იგი იგივე პროცედურებით გადაკეთდება, რომლითაც წმინდა სოფიას ტაძარი. ნაგებობა რელიგიის საკითხთა სამმართველოს გადაეცემა. როგორც მოსალოდნელია, ვიზანტიური ფრესკები დაიხურება, რათა ეკლესია მეჩეთად გარდაიქმნას", - იუწყება ტელეარხი.
მონასტერი, რომელიც 74 წლის წინ მუზეუმად გადაკეთდა, სტამბოლის ფატიხის რაიონშია განლაგებული. ჩვენი წელთაღრიცხვის VI საუკუნით დათარიღებული ტაძარი სტამბოლის ერთ-ერთ უძველეს ისტორიულ ძეგლად ითვლება. კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ, 1511 წელს ნაგებობა კაჰრიეს მეჩეთად გადაკეთდა, ისევე, როგორც წმინდა სოფიას ტაძარი.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივლისში თურქეთმა აია–სოფიას ტაძარი მეჩეთად გადააკეთა.
![]()
წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს. 1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.
86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში 24 ივლისს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდა.


