86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში დღეს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდა (ფოტო)
24/07/2020 11:13:51 მსოფლიო
86 წლის შემდეგ პირველად, აია-სოფიაში დღეს მუსლიმური ღვთისმსახურება ჩატარდა. ლოცვას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო.

ლოცვის დროს ფარდით იყო დაფარული ღვთისმშობლის ფრესკა. როგორც თურქი ოფიციალური პირები აცხადებენ, ლოცვების დროს ქრისტიანულ ფრესკებს ფარდით დაფარავენ, ხოლო ლოცვის დასრულების შემდეგ კი ისევ ახსნიან ფარდას.
დღევანდელ მსახურებას ათასობით მორწმუნე დაესწრო.

აია-სოფიას შესასვლელში განთავსებული აბრა უკვე შეცვლილია და აღნიშნულია, რომ მეჩეთია.

ფარდით დაფარეს ღვთისმშობლის ფრესკა, რომელიც ტაძრის გუმბათზეა გამოსახული.

შესაბამის ფოტოებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩვიშოღლუ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ღვთისმშობლის ფრესკა ფარდით დაფარვამდე
ცნობისთვის: 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ სულთან მაჰმედ მეორემ ბრძანა, რომ ღვთისმშობლის ეს ფრესკა არ დაეფარათ.
11 ივნისს თურქეთის სახელმწიფო საბჭომ აია–სოფიას მუზეუმის სტატუსი გაუუქმა. მოგვიანებით თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია–სოფიას სტატუსის შეცვლის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის თანახმად, აია–სოფიას მუზეუმის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი ექნება.
10 ივლისს იუნესკომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ, ცვლილებების შემთხვევაში, აია-სოფიას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი გადაიხედება.
წმ. სოფიას ტაძარი ბიზანტიის ცენტრის, კონსტანტინეპოლის [ამჟამად ქალაქი სტამბოლი] მთავარი მართლმადიდებლური ტაძარი იყო. ბიზანტიის იმპერიის დაცემის და ოსმალეთის იმპერიის მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ, იგი მუსლიმურ სალოცავად გადააკეთეს და ოთხი მინარეთი მიაშენეს.
1934 წელს თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის ბრძანების საფუძველზე, „აია სოფია“ მუზეუმი გახდა. კომპლექსი „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი.


