
Amnesty International ხელისუფლებას 20–21 ივნისის მოვლენების დამოუკიდებელი გამოიძიებისკენ მოუწოდებს
21/06/2019 14:58:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოს ხელისუფლებას 20–21 ივნისის მოვლენების დამოუკიდებელი გამოიძიებისკენ მოუწოდებს.
„მართალია, პოლიციის ვალდებულებაა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობას უპასუხოს, თუმცა მათი პასუხი უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული. აღმაშფოთებელ სცენებში ჩანს, რომ მცირე რაოდენობის ძალადობრივ დემონსტრანტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც უმრავლესობაში იყვნენ, განურჩევლად ესროდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსალოდნელია დამატებითი აქციები, ხელმძღვანელობამ პოლიციას უნდა მისცეს ინსტრუქციები, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას“, აცხადებენ ორგანიძაციაში.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მოქალაქეებმა გუშინ 20 ივნისს რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლა და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.
20 ივნისს, საღამოს მომიტინგეების მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობას ძალოვანების მიერ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენება მოჰყვა. ჯამში დაშავდა სულ მცირე, 240 მოქალაქე, რამდენიმემ თვალი დაკარგა.