ცერცვაძე – ხუნდაძეს:"პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ უნდა დაგვეყენებინა? ...ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ"
22/08/2020 04:38:06 საზოგადოება
თბილისის ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს პასუხობს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რის გამო გახდა მისი კლინიკა იძულებული, შეეჩერებინა Covid-19-ით და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება.
„ბატონო დიმიტრი! ჩვენ იძულებული ვიყავით დროებით შეგვეჩერებინა ზემოთაღნიშნული პაციენტების მიღება, ვინაიდან ცნობილი მიზეზების გამო, ცენტრში არ იყო უზრუნველყოფილი ამ პაციენტების მიღებისა და მომსახურებისთვის ელემენტარული, მინიმალურად აუცილებელი პირობები. ამასთან, საქმე ეხება არა მხოლოდ ძალიან ცუდ ყოფით პირობებს (პალატები, ტუალეტები, დერეფნები და სხვ.), თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ პაციენტისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისეთი სისტემებისა და სერვისების არარსებობას, როგორიცაა სავალდებულო ვენტილაცია, ჟანგბადის მიწოდების სისტემა, კორპუსების დამიწება, ადრე შეძენილი კომპიუტერული ტომოგრაფის დასადგამი ფართის მოწყობა და სხვ.COVID-19-ით და/ან აივ/შიდსით ჟანგბადდამოკიდებული პაციენტი ჟანგბადის არმიწოდების გამო რომ დაღუპულიყო (რაც ძალიან რეალურია) ან ვენტილაციის და/ან გამწმენდი ნაგებობის არქონის გამო COVID-19-ის ან სხვა საშიში ინფექციების გავრცელება მომხდარიყო (რაც ასევე ძალიან რეალურია), ან კიდევ დამიწების არქონის გამო პაციენტისთვის დენს დაერტყა, ვინ იქნებოდა ამაზე პასუხისმგებელი? ალბათ ისევ ჩვენ დაგვიჭერდნენ.
ჩვენ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი, გავაკეთეთ იმისთვის, რათა ცენტრში შესაბამისი გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარებულიყო, მათ შორის მრავალგზის მივმართეთ შესაბამისი თხოვნით ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ უშედეგოდ. მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრი 100%-ით სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი სააქციო საზოგადობაა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა სტრუქტურების ნებართვისა და დახმარების გარეშე ვერაფერს გავაკეთებდით.
ბატონო დიმიტრი! როდესაც ბრძანებთ, რომ პაციენტების მიღების შეჩერება არასწორი გადაწყვეტილება იყო, იქნებ ისიც გვითხრათ, რომელი იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება და როგორ უნდა მოვქცეულიყავით - დაგვეყენებინა პაციენტების სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ?“ - აცხადებს ცერცვაძე.
ცნობისთვის: ხუნდაძემ განაცხადა, რომ ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიერ 20 აგვისტოდან COVID-19-ით და აივ/შიდსით სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერება სწორი გადაწყვეტილება არ იყო.
იხილეთ ასევე: რიგ პაციენტთა მკურნალობაზე იძულებითი უარის თქმის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 300 000 ლარი გამოუყვეს


