რიგ პაციენტთა მკურნალობაზე იძულებითი უარის თქმის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 300 000 ლარი გამოუყვეს
21/08/2020 14:37:28 საზოგადოება
რიგ პაციენტთა მკურნალობაზე იძულებითი უარის თქმის შემდეგ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს 300 000 ლარი გამოუყვეს.
"ფინანსთა სამინისტროში უკვე ჩატარდა დივიდენდების განაწილების კომისიის სხდომა და ინფექციურ საავადმყოფოს მიეცა უფლება გადაუდებელი სამუშაოებისთვის გამოიყენოს 300 ათასი ლარი. საკითხი ამით გადაწყვეტილია“, – აცხადებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.
ცნობისთვის: გუშინ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ 21 აგვისტოდან კლინიკა Covid-19-ით და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებდა.
"ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა „კოვიდ-19“-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს. ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა“, – განაცხადა ცერცვაძემ.
იხილეთ ასევე: ცერცვაძე: "კურიოზული ვითარებაა. .. ჯანდაცვის სამინისტრომ გვიჩივლა"
„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა. კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით“, –განაცხადა ცერცვაძემ 20 აგვისტოს.


