
გიორგი გახარია: "პოლიცია თავდაცვით რეჟიმში იყო"
21/06/2019 13:15:28 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი
შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პოლიცია გუშინ თავდაცვით რეჟიმში იყო. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გუშინ და დღეს გამთენიისას რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
"გუშინ ქალაქისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მძიმე დღე იყო. გუშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს, ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტი გადაეზარდათ ძალადობაში, რომელმაც საბოლოოდ პარლამენტზე შტურმის სახე მიიღო. მოხდა ჯგუფური თავდასხმები პლიციაზე, სამწუხაროდ სიტუაცია იმ დონეზე დაიძაბა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ მაქსიმალურად გამოიყენა თმენის ვალდებულები, იძულებული გახდა სპეციალური საშუალებები გამოეყენებინა, რა თქმა უნდა, არა ლეტალური იარაღი. სანამ ადამიანების სიცოცხლეს არ დაემუქრა საფრთხე, პოლიციელები საერთოდ არ განძრეულან. პოლიცია იცავდა თავის თავს",– განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება პოლიციის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს, მათ შორის მოქალაქეებისთვის დამიზნებით სტრისისა, მინისტრის თქმით, ყველა მსგავსი ფაქტი იქნება შესწავლილი.
"თუ სადმე იყო რაიმე ელემენტი კონკრეტული გადამეტების, ყველაგან იქნება რეაგირება",– განაცხადა მინისრტრმა.
ამასთან, გახარია ამბობს, რომ "ყველა ადამიანი, რომელმაც თავისი მოწოდებით შეძლო, რომ მოქალაქეები და პოლიცია იმ დოენზე დააპირისპირა, რომ ამან მიიღო შტურმის სახე, უმკაცრესად იქნება დასჯილი".
რაც შეეხება პოლიციის მიერ აქციის დასაშლელად სპეციალური საშუალებების მოქალაქეების გაფრთხილების გარეშე გამოყენებას, რა ვალდებულებაც მათ კანონმდებლობა აკისრებთ, მინისტრი ირწმუნება, რომ "ყველა მოქალაქე, რომელიც წინა ფლანგზე იმყოფებოდა და რომელმაც დაიწყო შტურმი, იყო გაფრთხილებული ღამის განმავლობაში".
ამასთან, მან უპასუხა კითხვას, დატოვებს თუ არა თანამდებობას. გახარიამ გაიმეორა გუშინ გაკეთებული კომენტარი და აღნიშნა, რომ გადადგება მაშინ, როცა ეს საჭირო იქნება.