მერკელი: "ლუკაშენკომ ჩემთან საუბარზე უარი განაცხადა"
20/08/2020 05:58:23 მსოფლიო
გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, იგი ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასთან დაკავშირებას ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მერკელის თქმით, მისი ძალისხმევა უარყოფილი იყო, ამიტომ გერმანიას არ შეუძლია შუამავლის როლის შესრულება.
"მე ჩემს თავს მედიატორის როლში ვერ ვხედავ, რადგან ლუკაშენკომ ჩემთან საუბარზე უარი განაცხადა, რის გამოც ვწუხვარ", – განაცხადა მერკელმა.
რაც შეეხება კრემლის განცხადებას ბელარუსისთვის საჭიროების შემთხვევაში სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე, კანცლერმა შემდეგი განაცხადა: "პუტინთან საუბრისას აღვნიშნე, რომ ეს ვითარებას გაართულებს".
მოგვიანებით, ბელარუსის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა ნატალია ეისმონტმა რუსული ტელეარხის „როსია 1“ ეთერში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ლუკაშენკო ვერ ხედავს ანგელა მერკელთან საუბრის საჭიროებას. ეისმონტის თქმით, ბელარუსის პრეზიდენტმა თავის რუს კოლეგას სთხოვა, ქალბატონ მერკელს გადასცეს, რომ გერმანია და მთლიანად დასავლეთ ევროპა არ ჩაერიონ ბელარუსის საშინაო საქმეებში, როგორც ეს ამჟამად ხდება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ვერ ხედავს ბელარუსში შექმნილი სიტუაციის მოსაგვარებლად ვინმეს ჩარევის საჭიროებას. ლავროვი ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დასავლეთის ქვეყენებს მოუწოდებს, გაიხსენონ, თუ როგორ დასრულდა მათი შუამავლობა უკრაინაში 2014 წელს.
ცნობისთვის: 9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გაგრძელდა. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 3 მონაწილე კი გარდაიცვალა (ბელარუსის შსს–ს მონაცემებით). დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ. ლუკაშენკო კი საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე საუბრობს და ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობას კატეგორიულად გამორიცხავს.
იხილეთ ასევე: მერკელი – "ევროკავშირის წევრი ქვეყნები ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ვცნობთ"


