"თუ რუსეთი ბელარუსს სამხედრო დახმარებას გაუწევს, ეს იქნება ქვეყანაში შეჭრა, რომელიც მინსკის დამოუკიდებლობას ბოლოს მოუღებს"
17/08/2020 08:46:56 მსოფლიო
"თუ რუსეთი ბელარუსს სამხედრო დახმარებას გაუწევს, ეს იქნება ქვეყანაში შეჭრა, რომელიც მინსკის დამოუკიდებლობას ბოლოს მოუღებს" , – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსმა განაცხადა.
”რუსეთის მიერ ბელარუსისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საფუძველი არ არსებობს. არ არსებობს ამის არც კანონიერი და არც სხვა რაიმე საფუძველი. ეს იქნება სხვა ქვეყანაში შეჭრა, რომელიც ბელარუსის დამოუკიდებლობას გაანადგურებს. რუსეთმა უნდა გაიაზროს, რომ ბელარუსში შეჭრა არ იქნება გამართლებული, არც ლეგალურად, არც მორალურად და არც პოლიტიკურად", – განაცხადა ლინკევიჩუსმა.
ცნობისთვის: კრემლის განცხადებით, რუსეთი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს სამხედრო დახმარება გაუწიოს
შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. 16 აგვისტოს მინსკში ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა ლუკაშენკოს მხარდამჭერი, უფრო მცირერიცხოვანი აქცია მინსკის ცენტრში. მან საგარეო ჩარევასა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობაზე ისაუბრა ხელახალი არჩევნების ჩატარების ალბათობა გამორიცხა:
"თქვენ ლუკაშენკოს კი არა, პირველ პრეზიდენტს დაღუპავთ. ეს თქვენი დასასრულის დასაწყისი იქნება. მუხლებზე იდგებით როგორც უკრაინასა და სხვა ქვეყნებში და ღმერთმა იცის ვისზე ილოცებთ. ჩვენს კართან ნატო-ს ჯარები მატლებივით ცოცავენ. ლიტვა, ლატვია და პოლონეთი და ჩვენი მშობლიური უკრაინა მოგვიწოდებენ ახალი არჩევნები გავმართოთ. თუ ანკესს წამოვეგებით გვთავაზობენ ახალ ხელისუფლებას - ნატოს სამხედროებს".
9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ცსკ–ს მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა.
ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით დღემდე გრძელდება. დაკავებულია ათასობით დემონსტრანტი, აქციის 2 მონაწილე კი გარდაიცვალა. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.


