
სერგეი გავრილოვი: "ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი"
21/06/2019 06:24:13 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი ორი წელი გვთავაზობდა მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საქართველოში ჩატარებას და როგორც იქნა, ჩვენ ჩავედით, - ამის შესახებ ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა „კომუნისტური პარტიიდან“ სერგეი გავრილოვმა თბილისში მომხდარ ინციდენტზე საუბრისას რუსულ „კომერსანტს“ განუცხადა.
მისივე თქმით, ქართული მხარისგან მათ მიიღეს წერილობითი გარანტიები ასამბლეის ყველა მონაწილის უსაფრთხოებაზე.
„ასამბლეის გახსნაზე ჩვენ მადლობა გადავუხადეთ საქართველოს სტუმართმოყვარეობისთვის და ღონისძიების კარგი ორგანიზებისთვის. 20 ივნისს კი მიგვიწვიეს პარლამენტის შენობაში. ქართულმა მხარემ შემომთავაზა პრეზიდიუმში დამეკავებინა ადგილი. სადაც მიწვევს მასპინძელი, იქ ვიკავებ ადგილს“,- განაცხადა გავრილოვმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს მოქალაქეები რუსი დეპუტატის საქართველოში ჩამოსვლას და სერგეი გავრილოვის მიერ, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას აპროტესტებდნენ. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის გადადგომას, ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას პროპორციული სისტემით. პარლამენტის წინ სიტუაცია 20 ივნისს, დაახლოებით 22:00 საათზე დაიძაბა, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტები პარლამენტის შენობის შესასვლელისკენ დაიძრნენ. ხელისუფლებამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიციის გამოყენებული ძალის შედეგად დაშავდა ათეულობით ადამიანი. დაშავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. მედიის მიერ გადაღებული ვიდეოებით ჩანს, რომ სპეცრაზმელები რეზინის ტყვიებს მოქალაქეებს დამიზნებით ესროდნენ. დაშავებულთა ნაწილს დაზიანებები აქვთ თავისა და სახის არეში. ექიმების თქმით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას რამდენიმე მათგანისთვის თვალის შენარჩუნების საკითხი. ხელისუფლება აქციის დარბევაზე და მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებლობას აკისრებს ოპოზიციას და არ აპირებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ოპოზიცია აცხადებს, რომ საპროტესტო აქციებს აგრძელებს. აქცია დღეს [21 ივნისს] 19:00 სთ-ზეა დაგეგმილი.