
„ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანი არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ“
14/08/2020 14:00:45 საშინაო პოლიტიკა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ოპოზიციის დამახასიათებელი ნიშანი არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ“.
„ოპონენტების წარმომადგენლები, როგორც მაჟორიტარები ასევე, პარტიულები, (მცირე გამონაკლისების გარდა) არის ერთგვაროვანი ჯგუფი. მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ არის ის, რომ ძალიან დიდია ამბიციები და ეს ამბიციები ერთმანეთში საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას განაპირობებს. ისეთსავე დაპირისპირებას, როგორიც აქამდე იყო. ისინი აგინებდნენ ერთმანეთს, შემდეგ აქებდნენ და შემდეგ იცვლიან პოზიციას. ეს არის მათი საერთო დამახასიათებელი ნიშანი. მეორე ნიშანი რაც მათ არ განარიდებს ერთმანეთს, ეს არის მისწრაფება დესტრუქციული პროცესების განვითარებისკენ, რაც უჩენს მათ პერსპექტივას, რომ იქნებ იმდენად აიმღვრეს წყალი, რომ ეს დესტრუქცია პოლიტიკური დივიდენდების მიღების წყაროდ იქცეს“, - განაცხადა ვოლსკიმ ტელეკომპანია„რუსთავი 2“ -ის ეთერში.
მისი თქმით, "საზოგადოება კარგად აცნობიერებს, ამ სურათს და თუ ამას დაემატება საშინაო და საგარეო გამოწვევები, რომელიც დღეს სამწუხაროდ არსებობს, დავინახავთ, რომ „ქართული ოცნება“ სწორედაც ის სტაბილური ძალაა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სამშვიდობოს გაიყვანოს":
„სირთულეები ყველას ერთი გვაქვს, მაგრამ პერსპექტივა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში უფრო მკაფიოა და თვალნათელია ის, რომ ჩვენ შევიძინეთ და განვავითარეთ ის ფუნქცია, რაც არ არსებობდა. მხედველობაში მაქვს სატრანზიტო ფუნქცია, რომელიც უსაფრთხოებას და ეკონომიკის განვითარებას გულისხმობს“.