Accentnews.ge
ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

ივლისში საქართველოში ფულადი გზავნილები გაიზარდა

14/08/2020 07:39:24 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.1%-ით გაიზარდა.

კერძოდ, 2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ამასთან, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.6% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

სებ-ის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 22.2 მლნ აშშ დოლარი (68.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივლისის (19.2 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 15.6%-ით მეტია.

"ივნისში 17.8%-ით ზრდის შემდეგ, ივლისში წლიური ზრდა 22.1% იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ პანდემიამდე ფულადი გზავნილების გარკვეული ნაწილი (საბანკო გზავნილების დაახლოებით 8%) საქართველოში არასაბანკო არხებით, ვიზიტორების მეშვეობით, შემოდიოდა. საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვის გამო, გზავნილების ამ ნაწილმა საბანკო არხებში გადაინაცვლა და, შედეგად, ფულადი გზავნილების აღნიშნულ ზრდაშიც შეიტანა წვლილი. გარდა ამისა, პანდემიის საწყის ეტაპზე არსებული შეზღუდვები, სავარაუდოდ, გზავნილებზეც მოქმედებდა. ამ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაგროვილი გზავნილების გამოგზავნა მომდევნო თვეებში მოხდა, რამაც ასევე იმოქმედა ივნის-ივლისში გზავნილების ზრდის მაჩვენებლებზე.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ამ ფაქტორების გათვალისწინებითაც, ფულადი გზავნილების გაუმჯობესება სახეზეა, თუმცა არა ისეთი სწრაფი ტემპით, როგორც შეიძლება სტატისტიკიდან ჩანდეს. აღნიშნული დადებითი დინამიკა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის და, საბოლოო ჯამში, უფრო დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს განაპირობებს”,-წერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S