
თბილისის კლინიკებში 100–ზე მეტი დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი
21/06/2019 00:39:55 სხვა, საზოგადოება
თბილისის კლინიკებში ათობით დაშავებული მოქალაქეა გადაყვანილი. ღუდუშაურის კლინიკის დირექტორის მარინა გელანტიას განცხადებით, სტაციონარში პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე დაშავებული რვა ადამიანი აგრძელებს მკურნალობას. „კლინიკაში 11 პაციენტი ერთი ქალი და ათი მამაკაცი შევიდა. მათგან 3 უკვე გაეწერა“, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა.
აქციაზე დაშავებული 35 ადამიანიდან ინგოყვას კლინიკაში 28 რჩება. ბოლო მონაცემებით, 7 პაციენტი გაეწერა, ხოლო 3 ადამიანს ოპერაცია უკეთდება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში რუსთაველზე განვითარებული მოვლენებისას დაშავებული 16 პაციენტია შესული. ამასთან, 20 დაშავებულია გადაყვანილი "ნიუ ჰოსპიტალში". როგორც "ნიუ ჰოსპიტალში" აცხადებენ, რამდენიმე პაციენტი თვალის დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. 25 ადამიანია გადაყვანილი ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.
რუსთაველზე განვითარებული მოვლენების შედეგად სულ რამდენი ადამიანი დაშავდა ჯერ–ჯერობით უცნობია.
რუსთაველის გამზირზე მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ.