აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

11-08-2020 21:33:03 კავკასია

საქართველოს მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეექვსე ვადით არჩევა მიულოცეს ალიაქსანდრ ლუკაშენკოს, რომელმაც ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასაწარი შედეგებით, 9 აგვისტოს, ბელარუსში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 80%–მდე მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შემდგომშიც შევძლებთ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობის განმტკიცებას და ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაფართოებას როგორც ორმხრივ საფუძველზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინტეგრაციული გაერთიანებების ფარგლებში“, - ნათქვამია სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მისალოც დეპეშაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელეფონი საუბარში, პირადად მიულოცა არჩევნებში „დამაჯერებელი გამარჯვება“ ლუკაშენკოს და ხაზი გაუსვა, რომ „აზერბაიჯანში განსაკუთრებით სცემენ პატივს ურთიერთობებს მოძმე ბელარუსის ხელისუფლებასთან“.

ბელარუსის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „ბელტას“ ცნობით, ლუკაშენკოს არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, თურქეთის, მოლდოვის, რუსეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტებმაც.

ლუკაშენკოს გამარჯვება ასევე მიულოცეს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტებმა.

ცნობისთვის: ბელარუსის საქართველოში მცხოვრებმა მოქალაქეებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და მთავრობას მოუწოდეს, არ მიულოცოს კოლაშენკოს არჩევნებში გამარჯვება.

ევროპარლამენტართა ჯგუფი „უსამართლოს და არალეგიტიმურს“ უწოდებს ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს და მოუწოდებს ევროკავშირის ხელმძღვანელობას, მიზანმიმართული საქნციები დაუწესოს ყველა მოხელეს, რომელსაც ბრალი მიუძღვის „არჩევნების გაყალბებაში, ძალადობასა და რეპრესიებში“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები