
მოსკოვი: „ქართველი რადიკალების“ მიტინგი არა მარტო რუსეთის, არამედ 25 ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული“
20/06/2019 22:18:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
რუსეთი დღეს საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ კამპანიას არ წყვეტს და ცდილობს, დანერგოს აზრი, თითქოს რუსთაველის გამზირზე გამართული აქცია „რადიკალი რუსოფობების“ ქმედებას წარმოადგენდა. ამ მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ რუსი პოლიტიკოსები და კრემლს დაქვემდებარებული მედიაც.
საღამოს გააკეთა განცხადება სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმაც, რომლის თქმით, „ქართველი რუსოფობი რადიკალების“ მიერ თბილისის ცენტრში გამართული მიტინგი არა მარტო რუსეთის, არამედ მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის 25–ივე ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული“.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გაგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. მომხდარის შედეგად რუსმა დეპუტატებმა საქართელო ვადაზე ადრე –დღესვე დატოვეს. დღეს საღამოს რუსი დეპუტატების ვიზიტის გასაპროტესტებლად პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის მსვლელობისას მომიტინგეებმა რამდენჯერმე სცადეს პოლიციის კორდონის გარღვევა. სამართალდამცველებმა აქცია 4–ჯერ დაშალეს. პოლიციამ, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და სავარაუდოდ, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. ამ დროისთვის პარლამენტის შენობის წინ ტერიტორიას სპეცრაზმი აკონტროლებს. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი არ იშლება და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზეა მიმოფანტული. ამჟამად სამართალდამცველები ცრემლსადენ გაზს კვლავ იყენებენ.