საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 261–მდე გაიზარდა
10/08/2020 07:02:10 საზოგადოება
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 261–მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში COVID-19–ის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
"ამ ახალი შემთხვევებიდან 1 უკავშირდება გაჩიანის წყაროს, 16 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, 1 მედპერსონალია, 1 არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი, 5 იმპორტირებულია, ხოლო ერთის წყაროს დადგენა ამჟამად მიმდინარეობს", – განაცხადა ეზუგბაიამ და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 2 მძიმე პაციენტია. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთიდან გამოყვანილ პაციენტს, როგორც ეზუგბაიამ განაცხადა, "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა".
იხილეთ ასევე: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში COVID-19–ის 17 შემთხვევა დადასტურდა
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. დაავადებისგან გამოჯანმრთელებულია 1010 ადამიანი, ხოლო 17 გარდაიცვალა.


