ლიბანის ჯანდაცვის მინისტრი: "აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 3000–ზე მეტი პირი"
04/08/2020 19:17:52 მსოფლიო
ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ბეირუთის პორტში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა.
"მომხდარის შედეგად დაშავებულია 3000–ზე მეტი პირი", – განაცხადა ჰამად ჰასანმა.
ბეირუთის საავადმყოფოები მოსახლეობას სისხლის დაუყოვნებლივ ჩაბარებისკენ მოუწოდებენ.
"გვესაჭიროება ყველა ჯგუფის სისხლი. ყველას, ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიხვიდეთ საავადმყოფოებში და გაიღოთ სისხლი", – ნათქვამია ბეირუთში "წითელი ჯვრის" საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლის განცხადებაში.
საავადმყოფოების გადატვირთვის გამო მედიკოსები დაშავებულებს საავადმყოფოების ეზოებშიც უწევენ დახმარებას.
შესაბამისი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება:
ცნობისთვის: ბეირუთის პორტში, საკონტეინერო საწყობების ტერიტორიაზე, სადაც ასაფეთქებელი ნივთიერებები ინახებოდა, ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის პრემიერ-მინისრტმა ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღე გამოაცხადა. აფეთქების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ტელეკომპანია „ალ-ჰადათი“ ისრაელის სარაკეტო იერიშს ასახელებს. ტელეკომპანია არ გამორიცხავს, რომ დედაქალაქის პორტის ტერიტორიაზე ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა იერიში შესაძლოა, რადიკალური მოძრაობა „ჰეზბოლას“ იარაღის საწყობზე მიიტანა. თუმცა ისრაელი აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.


