„მიუხედავად დიდი მოთხოვნისა, პოლიტიკური ბაზარი მოქალაქეებს ალტერნატიულ არჩევანს ვერ სთავაზობს“

04-08-2020 15:05:44 პოლიტიკა ,კომენტარი

რიგი პოლიტიკური პარტიები უკვე შეუდგნენ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას, არის დაპირება, მათ შორის მმართველი გუნდიდან, რომ ამ ჯერზე კამპანია საქმიანი და მომავალზე ორიენტირებული იქნება, მაგრამ ანალიტიკოს გია ხუხაშვილის დაკვირვებით, სადღეისოდ არსებული პოლიტიკური ლანდშაფტი ამომრჩეველს არც თუ მიმზიდველი არჩევანის წინაშე აყენებს: წარსული ან აწმყო და არა მომავალი, მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ არჩევანზე – ე.წ. „მესამე ძალაზე“ რამდენიმე პარტია აცხადებს პრეტენზიას, მათ შორის „ლელო“.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ასოცირდება წარსულთან, ხოლო მეორე პოლუსზე გვაქვს „ქართული ოცნება – აწმყო“,– ამბობს „აქცენტთან“ ანალიტიკოსი და დასძენს, რომ მიუხედავად მომავლის არჩევანზე დიდი მოთხოვნისა, პოლიტიკური ბაზარი ამომრჩეველს მოთხოვნის მასშტაბის ალტერნატიულ არჩევანს ვერ სთავაზობს.

„უხეში გათვლით, ალტერნატიული არჩევანის მოთხოვნილება მილიონამდე ადამიანს აქვს, შეთავაზება კი დაახლოებით, 100–დან 200 000 ადამიანზეა. ამ მოცემულობაში 800 000 ამომრჩეველი არჩევანის გარეშეა დარჩენილი. სამწუხაროდ, თუ არაფერი შეიცვალა, 800 000 ამომრჩეველი ან არ წავა არჩევნებზე, ხოლო თუ წავა, არჩევანს ისევ წარსულსა და აწმყოს შორის – პოლარიზებულ გარემოში გააკეთებს, ჯერ–ჯერობით ასეთი მოცემულობაა. არჩევნებამდე შესაძლოა, რამე შეიცვალოს და ალტერნატიულმა პოლიტიკურმა ცენტრებმა თავიანთი აქტივობით გააღვიძონ რწმენა ამომრჩეველში“,– ამბობს ანალიტიკოსი.

რწმენის გაღვიძებას კი ხუხაშვილის აზრით, ორი კომპონენტი სჭირდება:

„ერთია, პოლიტიკურად სწორი ინფრასტრუქტურა. ამ კომპონენტში „ლელო“ საკმაოდ წარმატებულია: ხსნიან ოფისებს, მოიზიდეს ახალგაზრდები, საზოგადოებისადმი თითქოს სწორ გზავნილებსაც აკეთებენ და ა.შ. მაგრამ არ ჰყავთ „ორთქმავალი“ – "გამწევი" ძალა, რომელიც ამ ყველაფერს შედეგამდე მიიყვანს. ამას კი იმგვარი ლიდერები სჭირდება, რომლებიც ამომრჩეველთან „გასასვლელს“ პოულობენ. და ეს რომელი ამომრჩეველია? – ნიჰილისტურად განწყობილი, ეჭვიანი, რომელსაც სიტყვების აღარ სჯერა და მეტს მოითხოვს, მეტად სჭირდება დარწმუნება, რომ მისი უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას შეძლებენ. კლასიკური პოლიტიკური ფორმულებით ამ ხალხზე „გასასვლელის“ მოძებნა რთულია“.

ამასთან, ანალიტიკოსის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად მძიმე ფონისა, განწყობების თვალსაზრისით სადღეისოდ ქვეყანაში 2012 წლისგან განსხვავებული მოცემულობაა, რასაც ისევ პოლიტიკური სპექტრის მიერ ამომრჩევლის წინაშე დაყენებული პირობები ქმნიან:

„2012 წელი იმედის არჩევნები იყო – გაჩნდა ახალი ფაქტორი. ახლა კი შიშის ეპოქაში ვცხოვრობთ – არ ხდება მომავლის იმედის გენერირება, აშინებენ ამომრჩეველს: „თუ ჩემი მოწინააღმდეგე მოვა ხელისუფლებაში, ყველაფერი უარესად იქნებაო“, „ჩვენ რომ მოვალთ, თქვენ ხვალ უკეთ იცხოვრებთო“ – ამას არავის სთავაზობს. „ქართული ოცნება“ ეუბნება, „მე კარგი კრიზისმენეჯერი ვარ და თუ არ ვიქნები ხელისუფლებაში, ყველას კორონავირუსი შეგეყრებათ და მოკვდებითო“, ოპოზიცია კი იგივე ამომრჩეველს ეუბნება, „თუ „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებში, შიმშილით მოკვდებითო“. ამ დროს ადამიანებს უკეთესი მომავლის რწმენის გაჩენა უნდათ, რასაც ვერავინ აღვიძებს. რომელი შიში იქნება დომინანტი სექტემბერში, ჯერ არ ვიცით, ვითარება ბუნდოვანია. ეს მოცემულობა კი არავის სასარგებლოდ არ მუშაობს, მით უფრო, სახელმწიფოს, პოლიტიკურ ლანდშაფტზეც ბევრი არაფერი იცვლება“.

ნიჰილიზმის გაღრმავებაში ანალიტიკოსი მთავარ რისკს იმაში ხედავს, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება, საზოგადოებაში ნეგატიური განწყობები იკიდებს ფეხს, რაც ადრე თუ გვიან შესაძლოა, სერიოზულ სოციალურ რყევებში გადაიზარდოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები