COVID-19ის ახალი შემთხვევებიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა
31/07/2020 07:57:51 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი COVID-19–ის რვა ახალი შემთხვევიდან ოთხი ბათუმში დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა, ისინი სატვირთო ავტომობილის მძღოლები არიან; ერთი პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ქვეყანაში ბანგლადეშიდან ჩამოვიდა და კარანტინში იმყოფებოდა; ასევე ინფიცირებულია კარანტინში მყოფი ერთი არასრულწლოვანი.
თურქეთის ორივე მოქალაქემ საქართველო უკვე დატოვა, ისინი თურქეთის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას. არასრულწლოვანი პაციენტი გადაყვანილია თბილისში, ერთი ინფიცირებული კი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გააგრძელებს მკურნალობას, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
ცნობისთვის: 31 ივლისის დილის მონაცემევით, საქართველოში კორონავირუსის 1168 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 940 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამჟამად ქვეყანაში კოვიდის 249 აქტიური შემთხვევა დასტურდება.


