Accentnews.ge
გავრილოვის ხანმოკლე კომფორტი:  რუსეთს თბილისის ცენტრში მასშტაბური აქცია მოუწყვეს

გავრილოვის ხანმოკლე კომფორტი: რუსეთს თბილისის ცენტრში მასშტაბური აქცია მოუწყვეს

20/06/2019 16:33:49 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ბოლო დღეების მღელვარებამ, რომელიც ლგბტქი თემის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ლევან ვასაძის თაოსნობით მათ საწინააღმდეგოდ ჯგუფების მობილიზებას უკავშირდებოდა, აპოთეოზს დღეს, 20 ივნისს მიაღწია, ოღონდ სხვა მიზეზით: ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ   შეკრებილი პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები რუსეთს უპირისპირდებიან და კრემლის მიმართ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების «მოღალატეობრივ» პოლიტიკას აპროტესტებენ.

ამ თემის ირგვლივ გარკვეული საპროტესტო მუხტი ბოლო წლებში ქვეყანაში ისედაც არსებობდა, 19 ივნისს კი იგი გამწვავდა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის რიგით 26-ე სესიის ფარგლებში თბილისში ჩამოსულმა მისმა პრეზიდენტმა – რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა სერგეი გავრილოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას ყველას გასაგონად უტიფრად განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი «დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, რუსეთმა ისინი აღიარა და საქართველო ამ ახალ რეალობას უნდა შეეგუოს», რომ «რუსეთს ამასთან კავშირი არ აქვს და საქართველომ საკითხები სოხუმსა და ცხინვალთან უნდამოაგვაროს». ამასთან, კითხვაზე, აქვს თუ არა დისკომფორტი იმ ქვეყანაში ყოფნით, რომლის 20% მისი სახელმწიფოს მიერაა ოკუპირებული, გავრილოვმა ასევე უტიფრად უპასუხა ჟურნალისტებს, რომ “არანაირი დისკომფორტი არ აქვს და საქართველო მისი სამშობლოა”. 

აქვე ვიტყვით, რომ 19 ივნისს ავლაბრის ყოფილ საპრეზიდენტო რეზიდენციაში, ამჟამად კი სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ხსენებული ასამბლეის სხდომის გახსნას პატრიარქი ილია მეორე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრებოდნენ.

გუშინვე პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში განვითარებული მოვლენები „კატასტროფად“ შეაფასა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა:  

"მისი [გავრილოვის] პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა არის კატასტროფა და რუსული “რბილი ძალის” მიერ წინ გადადგუმლი ნაბიჯი. […] რუსეთი სულ უფრო კრეატიული ხდება “რბილი ძალის” გამოყენებაში: აქამდე საქართველოსთან მიმართებაში თავის საქმეს ბევრად უნიჭოდ აკეთებდა, იგებდა იმით, რომ ოკუპაციას ახორციელებდა, მაგრამ ჩვენს გულებს ვერ იგებდა, ახლა კი [რუსეთის] ტაქტიკა შეცვლილია, იგი დაჭკვიანებულია, უფრო დახვეწილი და არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში. "დაყავი და იბატონე" არის ის რუსული ძალა, რომელიც მუშაობდა აშშ–შიც, ევროპულ საზოგადოებაზეც და იგივე ტაქტიკით მოქმედებენ საქართველოშიც. ეს ტაქტიკა ჩვენთან მიმართებაში ძალიან საშიშია: ძალიან იოლია, იპოვო მეორე ადამიანი, თუ გინდა დაპირისპირება. სამწუხაროდ, ამას ვხედავ ბოლოდროინდელ მოვლენებშიც … დღეს [თბილისში მყოფი რუსი დეპუტატები] გვეუბნებიან, “მიიღე რეალობა, მიიღე ის, რომ შენ სხვა გამოსავალი არ გაქვს, ვერ გახდები ნატო–ს წევრი” და ა.შ. ცდილობენ ჩვენი მორალის გატეხვას. რუსეთი რომ მართლმადიდებლურია, ჩვენ ვიცით, მაგრამ თვითონ რუსმა ვერ შეიგნო, რომ ჩვენ მართლმადიდებლური ქვეყანა ვართ და მოკავშირეები".

დღეს კი, 20 ივნისს ასამბლეის სხდომა უკვე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველ შენობაში გაგრძელდა და ბ-ნი გავრილოვი,  როგორც მისი მოქმედი პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოევლინა საქართველოს... და სხდომაც რუსულ ენაზე წაიყვანა...

ეს «ბოლო წვეთი» აღმოჩნდა „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ჯერ – სპიკერატი, ხოლო შემდეგ მთელი სხდომათა დარბაზი დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვსა და სხვა რუს დეპუტატებს, ასევე ქვეყანაში მათ მომწვევთ აღარ შეუშვებდნენ.

ამ სკანდალის შემდეგ უმრავლესობის წევრებმა და მმართველი გუნდის ლიდერებმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყეს აღშფოთების გამოხატვა რუსი დეპუტატის ქცევისა და პარლამენტში განვითარებული მოვლენების გამო. «აღშფოთებულთა» შორის ვიხილეთ პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილიც, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც, რომლის მიმართაც ოპოზიციამ გადადგომის მოთხოვნა დააყენა, თბილისის მერი კახი კალაძეც, პარლამენტში «ქართული ოცნების» წამყვანი სახეებიც. «ხელი შეეწმინდა» ზაქარია ქუცნაშვილს – ასამბლეაში მუდმივმოქმედი ქართული დელეგაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ბ-ნი გავრილოვისგან საჩუქრად მართლმადიდებლური ხატიც მიიღო. თუმცა აბსოლუტურად ცხადია, რომ მხოლოდ ქუცნაშვილი ვერაფერს გადაწყვეტდა.

საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მუდმივმოქმედი დელეგაცია 2013 წლიდან ჰყავს.  სადღეისოდ ქართულ საპარლამენტო წარმომადგენლობას, რომელშიც ასევე დეპუტატები ადა მარშანია (“პატრიოტთა ალიანსი”) და დიმიტრი ხუნდაძე (“ქართული ოცნება”) შედიან, ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. არსებობს სათადარიგო დელეგაციაც ენძელა მაჭავარიანის («ქართული ოცნება»), გედევან ფოფხაძის (ყოფილი «ოცნებელი», ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი) და ზვიად ძიძიგურის («ქართული ოცნება») შემადგენლობით.  საქართველო ასამბლეის მორიგი სესიის თბილისში ჩატარებას ჯერ კიდევ 6 წლის წინ ითხოვდა, საბოლოოდ კი საკითხი დადებითად 3 წლის წინ, რომში  გამართულ სესიაზე გადაწყდა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, როგორც ღონისძიების მასპინძელი, ამ სესიისთვის არა გუშინ-გუშინწინ, არამედ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა. მათ შორის, წყდებოდა ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხები.

ამას პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებაც ადასტურებს. რომელიც დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა და ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

ამდენად, მსუბუქად რომ ვთქვათ, უცნაურია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, «ბაქოში ვარ, საქმის კურსში არ ვიყავი პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შესახებ, როგორც კი გავიგე, გავეცი განკარგულება, სესია შეეწყვიტათო».

მმართველი გუნდი პარლამენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შემდეგ განმარტებას იძლევა:

“მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა [სერგეი გავრილოვმა] თანაწამყვანის პოზიცია დაიკავა სხდომათა დარბაზში, ჩვენი რეაქცია და პოზიცია იყო ძალიან ცალსახა და ჩვენი ემოცია იყო იგივე, რაც მთელი საზოგადოების: ვიდრე ოკუპაცია გრძელდება, საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის. რუსმა დეპუტატებმა უნდა დატოვონ საქართველო. ჩემი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა სესიას და როდესაც სესია გაიხსნა, რუსმა დეპუტატმა დაიკავა თანათავმჯდომარის პოზიცია”,- განაცხადა უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ.

დაახლოებით იგივე პასუხი გასცა „აქცენტს“ ასამბლეაში სათადარიგო დელეგაციისწევრმა, დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმაც:

„სხდომა ბერძენს უნდა წაეყვანა – მიხაილიდისს, რომელიც ასამბლეის გენერალური მდივანი გახლავთ. იქ ორი სკამი როგორ გაჩნდა, არ ვიცი, ცოტა გვიან შევედი დარბაზში“.

ქართული დელეგაციის წევრი გედევან ფოფხაძე ამ სხდომაზე საერთოდ არ იყო და როგორც «აქცენტს» განუცხადა, «ვითარებაში გარკვევას ახლა ცდილობს».  

არადა, ორი დღის წინ უმრავლესობის წევრები პარლამენტში სულ სხვაგვარად საუბრობდნენ: "დისკრედიტაციის ის მცდელობა, რომელიც ამ ასამბლეის სესიის მიმართ არის გარკვეულ მედიასაშუალებებში, მიკერძოებული და სუბიექტურიაო"....

თავად ასამბლეა და მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, მისთვის გაუგებარია, "რა ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს ოკუპანთან, რომელიც ყველა ქრისტიანულ წესს ებრძვის?!". 

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი არ  გამორიცხავს, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენები რუსეთის მიერ ერთდროულად რამდენიმე ფლანგებიდან მოწყობილი პროვოკაციებია, თუმცა მიიჩნევს, რომ კრიზისების შემოქმედი უმთავრესად თავად ხელისუფლებაა.

„რა თქმა უნდა, ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ჩემი აზრით, პასუხები შეცდომებზე და კრიზისებზე, რომლებსაც ამჟამად ვაკვირდებით, ისევ არსებულ მმართველობით სისტემაში უნდა ვეძებოთ. ხელისუფლება, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, თვითონაა მთავარი შემოქმედი ამ კრიზისების: ესე იყო პანკისში, გარეჯში და ეხლაც, გავრილოვის შემთხვევაში.

რით შეიძლება, ეს ყველაფერი აიხსნას? - უპირველეს ყოვლისა, ისევ იმ ყბადაღებული ჩრდილოვანი მმართველობით და ფუნქციონერების (და არა პოლიტიკოსების) დანიშნვით მათთვის სრულიად შეუსაბამო თანამდებობებზე. ეს ადამიანები შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. იმის წარმოდგენაც კი რთულია, ასეთ მარტივ ამბებში ამ სიღრმის არაკომპეტენტურობას როცა იჩენენ, რაიმე მართლაც მნიშვნელოვანი გამოწვევის პირობებში რას იზამენ!

სამწუხაროდ, არანაირი პერსპექტივა სიტუაციის გამოსწორებისა არ ჩანს; „ქართული ოცნება“ ვერა და ვერ შედგა რეალურ პოლიტიკურ პარტიად და ძალად. ერთადერთი, რაც მას ასულდგმულებს, ისევ ოპოზიციის სისუსტე და წინა ხელისუფლებასთან მიმართებაში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უარყოფითი დამოკიდებულაა.  სამწუხაროდ, არც ის ჩანს, რომ რეალური მმართველი (ბიძინა ივანიშვილი) მდგომარეობის სირთულის მასშტაბებს აცნობიერებდეს“,– განუცხადა „აქცენტს“ კანაშვილმა.

ასეა თუ ისე, კომფორტი, რომელსაც ბატონი გავრილოვი და მისი კოლეგები, როგორც თავად აცხადებდნენ, საქართველოში განიცდიდნენ, ხანმოკლე აღმოჩნდა: მათ სესიის შეწყვეტა და ქვეყნისდატოვება მოუწიათ. 

მოსკოვმაც დაინახა, რომ პარლამენტსა და მის გარეთ არსებული გარკვეული ძალების მის მიმართ სიმპათიის მიუხედავად, საქართველო ჯერ-ჯერობით "ჯიბეში" არ ჰყავს. თუმცა თუ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის გამოხმაურებით ვიმსჯელებთ, კრემლი დანებებას არ აპირებს - "რადიკალური ქართული ძალების დღევანდელი აღმაშფოთებელი ქმედებების მიუხედავად, საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებას გავაგრძელებთ - ეს ორივე ხალხს სჭირდებაო".   

ანალიტიკოს ზურა ბატიაშვილის დაკვირვებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ყველა რესურსს იყენებს.   

„რუსეთი გვიტევს ყველა მიმართულებით, იყენებს ყველა შესაძლო რესურსს, - იქნება ეს სამხედრო ძალა, ოკუპაცია, ეკონომიკური ბერკეტები, საინფორმაციო ომი, რელიგია, კულტურა და ა.შ. ამ ბრძოლაში იყენებს ჩვენს ეროვნულობასაც კი... მოსკოვს არასოდეს შეუცვლია იმპერიალისტური პოლიტიკა და არც უახლოეს ხანში აპირებს ამას. ჩვენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ თავისუფლებაზე მეტი ღირებულება არ არსებობს. ალტერნატივა მონობა და კოლონიური სტატუსია, რასაც ვერასოდეს დავთანხმდებით, რა ფულიც არ უნდა დახარჯოს რუსეთმა, ყველას ვერ გვიყიდიან. რაც უფრო განვითარებულია ერი, მით უფრო ადვილად დააღწევს იგი თავს იმპერიას. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი ბალტიის ქვეყნებია. ჩვენც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიხიოთ უკან. ღირსეულად და პრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყველა თაობას აქვს საბრძოლველი. ჩვენი თაობის ბრძოლა ესაა და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ“.


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S