Accentnews.ge
ბატიაშვილი: "რუსეთი ყველა მიმართულებით გვიტევს"

ბატიაშვილი: "რუსეთი ყველა მიმართულებით გვიტევს"

20/06/2019 16:31:14 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

ანალიტიკოს ზურაბ ბატიაშვილის შეფასებით, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ყველა შესაძლებლობას იყენებს. ასე აფასებს ბატიაშვილი პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, საქართველოში მართლმადიდებლური ასამბლეა იმართება, რომელსაც რუსი დეპუტატები ესწრებიან. საზოგადოების აღშფოთება კონკრეტულად დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჯერ საქართველოში ვიზიტმა, შემდეგ კი მისი თავმჯდომარეობით გამართულმა მოხსენებამ გამოიწვია, რომელსაც სესია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან მიჰყავდა.  

"რუსეთი გვიტევს ყველა მიმართულებით. იყენებს ყველა შესაძლო რესურს, იქნება ეს სამხედრო ძალა, ოკუპაცია, ეკონომიკური ბერკეტები, საინფორმაციო ომი, რელიგია, კულტურა და ა.შ. ამ ბრძოლაში იყენებს ჩვენ ეროვნულობასაც კი... მაგრამ ეს არ გაუვა. ყველა იმპერიის ისტორიული ბედია, რომ იგი დაიშლება. 

მოსკოვს არასოდეს შეუცვლია იმპერიალისტური პოლიტიკა და არც უახლოეს ხანში აპირებს ამის გაკეთებას. ჩენ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, იმიტომ, რომ თავისუფლებაზე მეტი ღირებულება არ არსებობს. ალტერნატივა მონობა და კოლონიური სტატუსია, რასაც ვერასოდეს დავთანხმდებით. რა ფულიც არ უნდა დახარჯოს რუსეთმა აქ, ყველას ვერ გვიყიდიან. ამ ქვეყნისთვის თავი დადო ათიათასობით გულანთებულმა პატრიოტმა. მათი სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ვინც დავრჩით, ჯერ ისევ გვიდუღს სისხლი. არ დავნებდებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი სამშობლო არ იყიდება. რაც უფრო განვითარებულია ერი, მით უფრო ადვილად დააღწევს იგი თავს იმპერიას. ამ მხრივ, საუკეთესო მაგალითი ბალტიის ქვეყნებია. არავითარ შემთხვევაში უკან არ უნდა დავიხიოთ. ღირსეულად და დაპრინციპულად უნდა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. ყველა თაობას აქვს საბრძოლველი. ჩვენი თაობის ბრძოლა ესაა და ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ",– განაცხადა ბატიაშვილმა. 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა.  დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ასამბლეის ხელმძღვანელია სერგეი გავრილოვი უძღვებოდა. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა. 

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს.  მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. არსებული ინფორმაციით, რუსი დეპუტატები საქართელოს 22 ივნისის ნაცვლად, უკვე  დღეს დატოვებენ. 

საპროტესტო აქცია პარლამენტის მიმდებარედ ამ წუთებშიც გრძელდება. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S