ბელარუსი და უკრაინა საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებენ
30/07/2020 09:46:21 მსოფლიო
რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკების" დაკავების შემდეგ ბელარუსი და უკრაინა საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებენ.
ამის შესახებ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
"ბელარუსი და უკრაინა საზღვრებზე კონტროლის გამკაცრებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულის მიზანი ორ ქვეყანაში ნებისმიერი შესაძლო დესტაბილიზაციის თავიდან აცილებაა", – აცხადებენ ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ბელარუსში რუსეთის 32 მოქალაქეა დაკავებული, რომელთაც დესტაბილიზაციისა და ტერაქტების მზადებაში ადანაშაულებენ,– ამის შესახებ დღეს პრეზიდენტ ლუკაშენკოს მონაწილეობით უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მისმა მდივანმა ანდრეი რავკოვმა განაცხადა.
მან დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავებულები სავარაუდოდ, რუსეთის არაოფიციალური გასამხედროებული ფორმირება "ვაგნერის" "ბოევიკები" არიან, რომლებიც კრემლმა ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციის, მათ შორის ტერაქტების მოწყობის მიზნით შეაგზავნა.
ამჟამად დაკავებულები ჩვენებებს იძლევიან. თავის მხრივ, კრემლი ბრალდებას ტრადიციულად უარყოფს.


