„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ინვესტორთან ერთად საარბიტრაჟო დავას იწყებს
30/07/2020 06:35:16 ეკონომიკა
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და მთავარ უცხოელ ინვესტორს საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეაქვთ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი.
კერძოდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით.
ამ ორი სარჩელით ისინი დარღვეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. მათი განცხადებით, მოთხოვნების ოდენობა სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და კონსორციუმისა და მეიერის დანაკარგისგან შედგება.
განახლება
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელის მომზადებაში პრობლემას ვერ ხედავს.
„ყველა სუბიექტს აქვს უფლება, დავის ამა თუ იმ ფორმას მიმართოს. ანაკლიის პორტის განვითარება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ეს ჩანაწერი გაკეთებულია საქართველოს კონსტიტუციაში, რათა პროექტი ინვესტორებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდეს. როცა ინვესტორებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, დასავლურ ინვესტიციებს ვგულისხმობთ. რა თქმა უნდა, დასავლურ ინვესტიციებში განსაკუთრებით პრიორიტეტულია ამ პროექტის ამერიკული ინვესტიციებით განხორციელება“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველა პირობა შეასრულა „ანაკლიის კონსორციუმის“ წინაშე და მას ვადები არაერთხელ გადაუვადა.
„კონსორციუმმა“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და შესაბამისად, ის რეალობა მივიღეთ, რაც დღეს გვაქვს. ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება და თან დასავლური ინვესტიციებით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება გაწყვიტა და მიზეზად კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად ახალი სატენდერო დოკუმენტაცია მომზადდება.
სადღეისოდ არსებული მონაცემებით, პორტის, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილად განიხილებოდა, მშენებლობის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო. ვითარებას ის გარემოებაც ართულებს, რომ საარბიტრაჟო სასამართლოში დავა დაიწყება და, ექსპერტების მოლოდინის თანახმად, დავის პირობებში არსებულ პროექტში სერიოზული ინვესტორი ინვესტიციას არ განახორციელებს.


