
მოსკოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
20/06/2019 15:47:00 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
მოსკოვი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „შეშფოთებით ადევნებენ თვალს“.
„შეშფოთებით ვადევნებდით თვალს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. აღშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს რადიკალური პოლიტიკური ძალების ქმედებების გამო, რომლებმაც გამოიყენეს ეს მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მსოფლიოს მართლმადიდებელ ქვეყნებს აერთიანებს, საკუთარი ანტირუსული განწყობების გადმოსანთხევად. მათი აგრესიული ქცევის შედეგად 25 მონაწილე ქვეყნის პარლამენტარები იძულებულები გახდნენ, ვადაზე ადრე დაესრულებინათ თავისი მუშაობა. მიუხედავად ამისა, განწყობილები ვართ, განვაგრძოთ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ხაზი, რომელიც ორი ხალხის ინტერესებში შედის“, – განაცხადა კარასინმა.
ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის შენობაში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია მიმდინარეობდა, რომელიც გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა. დღევანდელ სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელიდან რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა, რომელიც ასამბლეის ხელმძღვანელია. გავრილოვი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარებს. სხდომაზე შესვენების გამოცხადების შემდეგ დარბაზში „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები შევიდნენ და პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნა დაიკავეს. მათ რუს დეპუატატებს სასესიო დარბაზში დაბრუნების შესაძლებლობა არ მისცეს. შედეგად სხდომა ჩაიშალა.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.
სხდომის ჩაშლის შემდეგ მოქალქეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი პოლიტიკოსების ვიზიტს აპროტესტებენ, პარლამენტის შენობის წინ აქცია გამართეს. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ასამბლეა სხდომას სასტუმრო „რადისონში“ გააგრძელებდა. აქციის მონაწილეები სასტუმროსთან შეიკრიბნენ და სასტუმროს კედლებს კვერცხები დაუშინეს. დემონსტრანტებმა კვერცხები დაუშინეს სასტუმროდან გამოსულ რუს დეპუტატებსაც. არსებული ინფორმაციით, რუსი დეპუტატები საქართელოს 22 ივნისის ნაცვლად, უკვე დღეს დატოვებენ.
ამჟამად პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია სახელწოდებით "სირცხვილია" მიმდინარეობს.