რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისების განრიგი ცნობილია
28/07/2020 10:59:25 ეკონომიკა
საქართველოსა და ლატვიის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 5 აგვისტოდან განახლდება,– იუწყება ეკონომიკის სამინისტრო.
უწყების ცნობით, აღნიშნულის შესახებ უკვე დასრულდა მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანია „ეარ ბალტიკს“ (airBaltic) შორის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბალტიის სამი სახელმწიფო ხუთი ევროპული ქვეყნის ჩამონათვალშია, რომლებთანაც საქართველოს უპირობოდ აქვს საზღვარი გახსნილი.
ნათია თურნავას თქმით, 2020 წლის აგვისტოდან საქართველოდან შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერები, ასევე რეგულარული ფრენებიც უსაფრთხო დერეფნების ფარგლებში.
განახლება
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რიგა-თბილისი-რიგას ავიარეისზე ფრენების განრიგი გამოაქვეყნა
- რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო);
- თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო);
- რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას;
- თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.
ფრენები Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
რიგა წარმოადგენს მესამე საერთაშორისო მიმართულებას, რომელთანაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა აგვისტოდან განახლდება. 2 აგვისტოდან მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარულ ოპერირებას ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ (Lufthansa) აღადგენს, ხოლო 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას ავიაკომპანია „ეარ ფრანსი“ (Air France) განაახლებს.


