
საპატრიარქოსთან აქცია მიმდინარეობს: "საპატრიარქოს გარეშე ასეთი ფორუმები არ იმართება"
20/06/2019 14:34:39 სხვა, საზოგადოება
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი" საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავს. აქციის მონაწილეები საპატრიარქოს პასუხს იმის გამო სთხოვენ, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მოხდა. კერძოდ, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა და მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა იქიდან რუსულ ენაზე წაიყვანა.
"საპატრიარქოს გარეშე ასეთი მართლმადიდებლური ფორუმები არ იმართება. მათი მიზანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ პრობლემას არ წარმოადგენს გავრილოვისნაირი პირების საქართველოში ჩამოსვლა. ეს იმის ბრალია, რომ დღეს საპატრიარქოს პრორუსული განწყობების ადამიანები მართავენ. ამიტომ, კონკორდატი უნდა გაუქმდეს! საპატრიარქო მერე დაემსგავსება რელიგიურ ორგანიზაციას და ასე თუ გადარჩება მართლმადიდებლობა", - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.
"გირჩი" წევრები გეგმავენ, შეუერთდნენ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ლოზუნგით "სირცხვილია". პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაც სწორედ ამ საკითხს ეძღვნება.